აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ისრაელში გაემგზავრა. ამის შესახებ მან სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ვიდეოში ისაუბრა და განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტისა და ხალხის სახელით ისრაელს გადასცემს ერთ მკაფიო გზავნილს - "ამერიკა ისრაელის გვერდითაა".
"ჩვენ ვართ ისრაელის მოსახლეობის გვერდით. ჩვენ მათ გვერდით ვართ დღეს, ვიქნებით ხვალ და ყოველ დღე. ჩვენ ვდგავართ ტერორიზმის წინააღმდეგ - კაცების, ქალებისა და ბავშვების მიმართ ჰამასის მიერ ჩადენილი ენითაღუწერელი დანაშაულები ვიხილეთ, ყოველდღე უფრო მეტს ვიგებთ და ეს ძალიან შემზარავია", - განაცხადა მან გამგზავრებამდე რამდენიმე წუთით ადრე.
7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.
გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.
ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.
ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.
სარაკეტო იერიშის პარალელურად ჰამასის მებრძოლები ისრაელში შეიჭრნენ. მათ ღაზის სექტორთან, სასაზღვრო ღობე რამდენიმე ადგილას დააზიანეს დაა ისრაელის ტერიტორიაზე სახმელეთო, საჰაერო და სასაზღვრო გზებით მოხვდნენ. თვითმხილველები ყვებიან, რომ ჰამასელი ტერორისტები დასახლებებში ხალხს ესროდნენ, აჰყავდათ მძევლები და ღაზაში მიჰყავდათ. სოციალურ ქსელებში ქუჩაში ბრძოლებისა და მოსახლეობასთან სასტიკი მოპყრობის არაერთი კადრი გავრცელდა.
ტერორისტული დაჯგუფება მძევლების მოკვლით იმუქრება, თუ ისრაელი ღაზის სექტორზე იერიშს გაუფრთხილებლად მიიტანს. ამასთან, დაჯგუფების მაღალჩინოსანმა 10 ოქტომბერს განაცხადა, რომ ჰამასმა "თავის მიზნებს მიაღწია" და "ისრაელთან შესაძლო ზავის განხილვისთვის ღიაა".
ბოლო მონაცემებით, ჰამასმა 100-150 ადამიანი გაიტაცა.