ნაციონალური მოძრაობის წევრებმა პროკურატურაში განცხადება შეიტანეს და 25 აგვისტოს საკრებულოს რიგგარეშე სხდომასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვენ.
საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, რომ გასულ კვირაში საკრებულოს სხდომაზე, სადაც თბილისში დაგეგმილ სადავო პროექტებს განიხილავდნენ, კენჭისყრის დროს ქართული ოცნების წევრებმა იმ დეპუტატების ნაცვლადაც მისცეს ხმა, რომლებიც იმ მომენტში დარბაზში არ იმყოფებოდნენ.
ენმ-ის საკრებულოს დეპუტატები გამოძიებას სამსახურებრივი სიყალბის მუხლით ითხოვენ.
"საკრებულოს ბოლო სხდომაზე მოხდა შემდეგი - რამდენიმე მილიარდერის ინტერესების დასაცავად ქართული ოცნების დეპუტატებმა დაარღვიეს კანონი და ხმა მისცეს არა მხოლოდ საკუთარი პულტიდან, არამედ სხვა დეპუტატების პულტიდანაც, რომლის დეპუტატებიც საერთოდ არ იმყოფებოდნენ იმ დროს დარბაზში, ეს არის სამსახურებრივი სიყალბე. ეს არ არის რეგლამენტის დარღვევა, ეს არის სისხლის სამართლის კოდექსის 341-ე მუხლის დარღვევა, რაც გულისხმობს სამსახურებრივ სიყალბეს"- ამბობს ენმ-ის წევრი გოგა ონიანი.
საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის მტკიცებით, კი "კენჭისყრის პროცედურასთან დაკავშირებით დარღვევა არ ყოფილა".
25 აგვისტოს თბილისში დაგეგმილ სადავო მშენებლობებს კენჭი უყარეს და განაშენიანების რეგულირების გეგმა პირველი მოსმენით დაამტკიცეს. სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.
საკრებულოს დეპუტატებმა კენჭი უყარეს იმ პროექტებს, რომლის ფარგლებშიც თბილისის სხვადასხვა უბანში მრავალსართულიანი კომპლექსების მშენებლობაა დაგეგმილი.
პროექტებს შორის იყო ლაგუნა ვერეს მიმდებარედ 52-სართულიანი კომპლექსების აშენება, ალექსიძის ქუჩაზე King David-ის გვერდით 40-სართულიანი ცათამბჯენის პროექტი, ჭავჭავაძის გამზირზე მულტიფუნქციური სასტუმრო-ცათამბჯენი და ასევე, დიდ დიღომში ახალი უბნის მშენებლობის საკითხი.