
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან მათე დევიძის პატიმრობაზე ისაუბრა და გულსატკენი უწოდა ფაქტს, რომ "ახალგაზრდა პიროვნებას, სტუდენტს, ადამიანს, რომელსაც უყვარს ქვეყანა, პატიმრობას უსჯიან".
ის ამბობს, რომ საქართველოში ახალგაზრდები უკეთეს მომავალს იმსახურებენ და წუხს, რომ "სწავლის, მუშაობის და ქვეყნის განვითარებაში წვლილის შეტანის ნაცვლად, თავიანთი ცხოვრების საუკეთესო დროს ციხეში ატარებენ".
"მე ვისაუბრე მათე დევიძისა და მრავალი სხვა პატიმრობაში მყოფი აქტივისტისა და პოლიტიკოსის შესახებ. ეს ძალიან სამწუხაროა, განსაკუთრებით ძალიან ახალგაზრდების შემთხვევაში. 21 წლის - ის უბრალოდ ბავშვია. მე თავად ვარ 20 წლის ბიჭის მამა და ძალიან გულსატკენია იმის ნახვა, რომ ახალგაზრდა პიროვნებას, სტუდენტს, ადამიანს, რომელსაც უყვარს ქვეყანა, რომელსაც არასდროს ჰქონია პრობლემა მართლმსაჯულების სისტემასთან, 4 წლითა და 6 თვით უსჯიან პოლიციელების წინააღმდეგ ჯოხის მოქნევისთვის. ეს ნამდვილად გულსატკენია.
საქართველოში ახალგაზრდები უკეთეს მომავალს იმსახურებენ, განსაკუთრებით ახალგაზრდები, რომლებსაც უყვართ თავიანთი ქვეყანა, არიან ერთგული მოქალაქეები. და მე ნამდვილად ვწუხვარ, რომ საუკეთესო, ყველაზე ახალგაზრდა, ყველაზე ჭკვიანი ადამიანები, სწავლის, მუშაობის და ქვეყნის განვითარებაში წვლილის შეტანის ნაცვლად, თავიანთი ცხოვრების საუკეთესო დროს ციხეში ატარებენ. ეს ნამდვილად გულსატკენია", - ამბობს ელჩი.