
თუ ეგზიტპოლის შედეგები ოფიციალურად დადასტურდება, პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს რაფალ ტჟასკოვსკი და კაროლ ნავროცკი დაუპირისპირდებიან. პირველ ტურში 13 კანდიდატიდან ვერც ერთმა 50%-ზე მეტი ვერ მოიპოვა, რის გამოც განმეორებითი კენჭისყრა 1 ივნისს გაიმართება.
ეგზიტპოლების თანახმად, პირველ ტურში პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის პარტიის "სამოქალაქო პლატფორმა" ლიდერი, რაფალ ტრჟასკოვსკი ხმების 30.8%-ით პირველ ადგილზეა, ხოლო მეორე ადგილზეა ნაციონალისტი ისტორიკოსი, კაროლ ნავროცკი, რომელსაც - 29,1 პროცენტი აქვს.
ტჟასკოვსკიმ მხარდამჭერებს სანდომეჟში სიტყვით მიმართა და განაცხადა: „ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ“, თუმცა დასძინა, რომ გამარჯვებისთვის დიდი შრომა და ერთგულება იქნება საჭირო. მან ასევე აღნიშნა, რომ მზადაა ითანამშრომლოს პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის კოალიციურ მთავრობასთან აბორტის კანონის ლიბერალიზაციასა და სასამართლო რეფორმის დაჩქარებაში.
პოლონეთის პრეზიდენტს სიმბოლური ფუნქცია აქვს, თუმცა მას შეუძლია დაადოს ვეტო მთავრობის ინიციატივებს. ტუსკის კოალიციას პარლამენტში საკმარისი ხმები არ აქვს პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად.
ნავროცკიმ, რომელმაც ტრჟასკოვსკისთან ერთად მეორე ტურში გასვლა მოახერხა, მხარდამჭერებს გდანსკში სიტყვით მიმართა და მოუწოდა ულტრამემარჯვენე კანდიდატების, სლავომირ მენცენის (15.4%) და გრეჟორჟ ბრაუნის (6.2%) ამომრჩევლებს, ძალები გააერთიანონ.