ედიტორიალი: აღარც ღირსეული და აღარც პარტნიორი (ვაშინგტონს ბიძინას ცრემლების არ სჯერა)

ედიტორიალი: აღარც ღირსეული და აღარც პარტნიორი (ვაშინგტონს ბიძინას ცრემლების არ სჯერა)

ფაშინიანი აცხადებს, რომ სომხეთი მზადაა შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის დონე სტრატეგიული პარტნიორობის ხარისხში აიყვანოს. რუსული ოცნების ხელში, თბილისი, თაობების ძალისხმევისა და გაღებული მსხვერპლის შედეგად მოპოვებულ სტატუსს თვალსა და ხელს შუა კარგავს.

პენტაგონმა საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვის ფარგლებში, მრავალეროვნული სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა. გადაწყვეტილებას, მიუხედავად მანამდე თეთრი სახლის, სახელმწიფო მდივნის, სენატის, კონგრესის, გაერთიანებული შტაბების მეთაურის მკაფიო გაფრთხილებებისა, ჩვენი ყოფილი თავდაცვის მინისტრის ინტელექტუალური შესაძლებლობების, ან მოქმედების პოლიტიკური სინდისიერების და თავის მოკატუნების ოსტატობის გათვალისწინებით, სრულიად არაინტერპრეტირებადი განმარტება მოაყოლა:

"გადაწყვეტილება განპირობებულია საქართველოს მთავრობის ცრუ ბრალდებებით შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური სუბიექტების მიმართ, რომლის თანახმადაც ამერიკა და დასავლელი მოკავშირეები ზეწოლას ახდენენ საქართველოზე რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნისთვის, უკრაინაზე ზეწოლის შესამსუბუქებლად და თითქოს ვაშინგტონი საქართველოს ხელისუფლების გადატრიალების ორ მცდელობაში მონაწილეობდა".

"გაუგებარი გადაწყვეტილებაა (გაუგებარიო..), მაგრამ არა უშავს, შემდეგი წლის წვრთნებისთვის მოვემზადებითო", - გვითხრა თავდაცვის მოქმედმა მინისტრმა. აკი გითხარით - ბიძინას, ეს სამთავრობო და საპარლამენტო შემადგენლობა თავის გაშტერების, უფრო სწორად, სხვების გამოშტერების ნამდვილი ოსტატები არიანთქო...

"პოლიტიკური გადაწყვეტილებების გამო ქართველი ჯარისკაცები რატომ უნდა ისჯებოდნენო?" - აღშფოთდა თავდაცვის ყოფილი მინისტრი. აი ამ კაცის გულწრფელობის, მისი მემკვიდრისგან განსხვავებით მწამს - ქართველი სამხედროები ამერიკელებთან ერთად იბრძოდნენო - წამოაძახა ამერიკელებს... მისთვის ახსნას ხვდებით რომ აზრი არ აქვს, მაგრამ ჩვენთვის მაინც ვაღიაროთ, რომ ზუსტად ამ ერთად ნაბრძოლი ისტორიისა და დაღვრილი სისხლის გამო, ქართველი ჯარისკაცებისა და ოფიცრების ხათრით იკავებდა ასეთი მკაცრი ნაბიჯებისგან თავს პენტაგონიც და პოლიტიკური ვაშინგტონიც. ივანიშვილი და მთელი ქართული ოცნება კი სწორედ ქართველი სამხედროების ღვაწლზე უნამუსოდ თუმცა დღემდე წარმატებით პარაზიტირებდა.

"და საერთოდაც, საქართველოში ყველაფერი კარგადაა, ჩემს გამოჩენაზე თავისუფლების მოედანზე შეკრებილთა ბღავილს თუ არ ჩავთვლითო, “ძაღლი ყეფს და ქარავანი მიდისო”, ფეისბუკპოსტით გვამცნო პრემიერმინისტრმა.

მოდი ახლა ბიძინას დასაქოქ თოჯინებს შევეშვათ და ვთქვათ, რომ ზუსტად ამათი კერპად ქცეული პატრონის პოლიტიკური გადაწყვეტილების გამო ისჯება ჯარისკაციც, ოფიცერიც, თავდაცვის ძალებიც და მთლიანად ქვეყანაც. როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებს მტრად ნათლავ, ქვეყნის ომში ჩართვას და გადატრიალების მოწყობას აბრალებ, რა უფრო ლოგიკურია: კიდევ პარტნიორად მიაჩნდე, მართლა და ღირსებაზე ფეხი დაიბიჯოს, კიდევ ფული გაძლიოს, კრემლთან ჩახუტებულს ჯარი გაგიწვრთნას და შეგაიარაღოს, თუ პირიქით?!

არათუ ღირსეულ, არამედ საერთოდ არანაირ პარტნიორად აღარ მიიჩნევს ვაშინგტონი ქართულ ოცნებას, რის ნიშნებსაც ერთმანეთის მიყოლებით ვხედავთ. ჯერ იყო და დროებამ 26 მაისს აღლუმზე ჯერ ამერიკელი სამხედროები ვერ აღმოაჩინა და შემდეგ საელჩოსგან ოფიციალური განმარტებაც გავაცანით ქვეყანას, ახლა უკვე სამხედრო წვრთნების შეჩერება. ბლინკენის ციტატას თუ მოვიხმობთ "კიდევ უფრო მეტს" უნდა ველოდოთ.

დისკრედიტირებულ და ნდობადაკარგულ მთავრობას კვლავაც ექნება მცდელობა თავი გადაირჩინოს. ლილუაშვილიც არაერთხელ ჩავა ვაშინგტონში იმისთვის, რომ რუს ოლიგარქს სანქციები აარიდოს. ივანიშვილიც გააგრძელებს საქართველოს ბედით ვაჭრობას, ანტიდასავლური რიტორიკის შერბილებით, ძალადობის, ცემა-ტყეპის და შესაძლოა რუსული კანონის მოქმედების შეჩერებითაც, იმისთვის, რომ ის და მისი მარიონეტები არჩევნებამდე მკაცრ შეზღუდვებს გადაურჩნენ. ოცნების პროპაგანდისტული მანქანა კი შეეცდება დაარწმუნოს საზოგადოება, რომ საგანგაშო არაფერია და დასავლეთთან ურთიერთობის დალაგებას ბიძინა მაინც მოახერხებს, მთავარია ძალაუფლება გაინაღდონ...

მაგრამ, თავს აღარავინ იტყუებს:. ვიღაც-ვიღაცების ცალ-ცალკე სანქცირება, ან მათი გადარჩენა მეათეხარისხოვანია ამასთან შედარებით, რაც ახლა ხდება და რაც მომავალში გველის. ბრიუსელშიც და ვაშინგტონშიც კარგად იციან ივანიშვილისა და ოცნების ზნე-ჩვეულება და ისიც, რომ აქლემის კუზი არ გასწორდება, სხვა ყველაფერი კი ოცნების მხრიდან დროის მოგების და არჩევნებში გამარჯვების ყველაფრის ფასად გაფორმების მცდელობაა.

ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი სანქციების ამ მანქანის გაჩერება, ნდობის ხელახლა მოპოვება და ურთიერთობის ძველ ნიშნულზე დაბრუნებაა. რაც, როგორც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პირით გვითხრეს - ოცნების ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში გამორიცხულია.

დასავლეთს ივანიშვილის ცრემლების აღარ სჯერა... ჩვენ კი შეგვიძლია თავი კიდევ მოვისულელოთ, ან შესაბამისი დასკვნები გამოვიტანოთ. მთავარი დასკვნა ისაა, რომ კარგის და ცუდის გარჩევის დრო დამთავრდა. ქართველმა ხალხმა უნდა გადავწყვიტოთ - როგორ გავუშვათ ხელისუფლებიდან ქვეყნის განვითარების მთავარ დაბრკოლებად ქცეული პოსტსაბჭოთა რუდიმენტი და შემდეგ ვიზრუნოთ ამერიკასთან და ევროკავშირთან მეგობრობისა და პარტნიორობის, და ყველაფერთან ერთად, ღირსების აღდგენაზე.