ე.წ. სამხრეთ ოსეთის მედია წულუკიანის კომისიაზე: თბილისმა აღიარა ის, რასაც 17 წელი ველოდით

ე.წ. სამხრეთ ოსეთის მედია წულუკიანის კომისიაზე: თბილისმა აღიარა ის, რასაც 17 წელი ველოდით

ე.წ. სამხრეთ ოსეთის "სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო" თეა წულუკიანის დასკვნასთან დაკავშირებით ვრცელ სტატიას აქვეყნებს და "საქართველოს გადაწყვეტილებას" იწონებს.

სტატია წერია, რომ ამას "სამხრეთ ოსეთი და რუსეთი 17 წელი ელოდნენ".

"საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დროინდელი დანაშაულების გამომძიებელი კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა, წარმოადგინა 460-გვერდიანი ანგარიში, რომელიც ეჭვს არ ტოვებს: სამხრეთ ოსეთის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ აგრესიული ომი დაიწყო მაშინდელმა საქართველოს ხელმძღვანელობამ, მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით", - წერია სტატიაში.

სტატიაში საუბარია, რომ "ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ანგარიში არის ოფიციალური და საბოლოო დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის პოზიციის სისწორეს".

"ის ამტკიცებს, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს მშვიდობისკენ იძულების ოპერაცია იყო ერთადერთი შესაძლო პასუხი საქართველოს რეჟიმის მზაკვრულ აგრესიაზე, რომლის მიზანიც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და მისი მშვიდობიანი მოსახლეობის ძალის გამოყენებით განადგურება იყო.

ამ მხრივ, შეუძლებელია იმ ფაქტის იგნორირება, რომ საქართველოს საპარლამენტო კომისია უფრო პატიოსანი აღმოჩნდა, ვიდრე დასავლელი პოლიტიკოსები, რომლებიც თითქმის 20 წლის განმავლობაში იმეორებდნენ მანტრას 2008 წლის ომში რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის სავარაუდო დანაშაულის შესახებ", - წერია სტატიაში.