სტიქიამ პრობლემები შექმნა კახეთში. თელავსა და ყვარელში ძლიერმა რამდენიმე შენობას სახურავები გადახადა. არსებული ინფორმაციით, სახურავის გარეშე დარჩა თელავში მდებარე მრავალსართულიანი ბინა.
გარდა ამისა, დაზიანდა სოფელ ყარაჯალას სკოლისა და საცხოვრებელი სახლების სახურავები.
კახეთის გუბერნატორის მოადგილის, გივი მეტრეველის თქმით, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზებიც. ადგილზე შესაბამისი სამსახურებია მობილიზებული.
"გვაქვს შეტყობინებები ცალკეული შემოსული სოფლებიდან და ქალაქებიდან დაზიანებების შესახებ. აქ არის კერძო სახლების, საბავშვო ბაღებისა თუ ადმინისტრაციული შენობების სახურავებზე საუბარი. ასევე, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, თუმცა, რა თქმა უნდა, მთელი კახეთის მასშტაბით, შესაბამისი სამსახურების სრული მობილიზაციაა", - აცხადებს გუბერნატორის მოადგილე.
ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა დედაქალაქშიც. თბილისში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილსა და სადგურის მოედანზე სარეკლამო ბანერებია წაქცეული. ქარის გამო პრობლემები შეიქმნა სხვა ქუჩებზეც.
Facebook-ზე გვერდი ჩემი ქალაქი მკლავს ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რომ სადგურის მოედანზე სარეკლამო ბანერის გადმოვარდნის შედეგად მანქანა დაზიანდა.
დაშავებულების შესახებ ცნობები არ ვრცელდება.
მერიაში აცხადებენ, რომ ძლიერმა ქარმა გარკვეული პრობლემები თბილისის სხვადასხვა რაიონებში შექმნა. მათი ცნობით, რამდენიმე მისამართზე წაქცეულია ხეები, დამტვრეულია ხის ტოტები, დაზიანებულია ქალაქში არსებული სხვადასხვა ინფრასტრუქტურა და საახალწლო მორთულობები, წაქცეული ხეები რამდენიმე ავტომობილს დაეცა და დააზიანა.
"ძლიერმა ქარმა განსაკუთრებით პრობლემები გლდანის რაიონში შექმნა. ასევე, თბილისში რამდენიმე კერძო სახლს სახურავები გადახადა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, თბილისის მერიის ყველა შესაბამისი სამსახური და რაიონული გამგეობების თანამშრომლები დილიდან მობილიზებულნი არიან და ადგილზე იმყოფებიან. ისინი ზარალის აღმოფხვრისა და შესაბამისი ღონისძიებების გატარების მიზნით, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ", - აცხადებენ მერიაში.