ძლიერი საქართველო: პროკურატურის ზეწოლა პრეზიდენტზე ამტკიცებს, რომ არჩევნები არალეგიტიმურია

ძლიერი საქართველო: პროკურატურის ზეწოლა პრეზიდენტზე ამტკიცებს, რომ არჩევნები არალეგიტიმურია

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პროკურატურაში გამოძიებაზე დაბარებასთან დაკავშირებით კოალიცია ძლიერი საქართველო განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ეს ამტკიცებს საერთაშორისო აზრს, რომლის თანახმადაც, ჩატარებული არჩევნები არალეგიტიმურია.

"ბიძინა ივანიშვილი მიხვდა, რომ არჩევნების გაყალბება არ გაუვიდა, როდესაც დემოკრატიული ქვეყნები ითხოვენ არჩევნების გამოძიებას, მათი შედეგების აღიარების ნაცვლად. განაცხადი, რომ რუსული რეჟიმის პროკურატურა გამოიძიებს რუსულ სპეცოპერაციას რომელიც ჩატარდა, არის აბსურდი.

ამიტომ ვაცხადებთ, რომ არანაირი ნდობა პროკურატურის მიერ წარმოებული გამოძიების პროცესს არ აქვს, ვითხოვთ საერთაშორისო გამოძიებას. პროკურატურის მიერ დაწყებული ზეწოლა პრეზიდენტზე, მისი დაბარებით დაკითხვაზე, მხოლოდ ამტკიცებს საერთაშორისო აზრს, რომ ეს არჩევნები არ არის ლეგიტიმური, ჩადენილია დანაშაული და დააჩქარებს საერთაშორისო გამოძიების დაწყების პროცესს", - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე, "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164³-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით", გამოძიება დაიწყეს.

მათი თქმით, გამოკითხვაზე იბარებენ პრეიზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.

გუშინ, 29 ოქტომბერს ცესკო-მ გაავრცელა განცხადება და თქვა, რომ საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები უწყებას "უსაფუძვლო ბრალდებებით ესხმიან თავს და რეპუტაციულ ზიანს აყენებენ".

განცხადებაში ცესკომ მიმართა პროკურატურას, "გარემოებების დასადგენად, შეესაბამება თუ არა სიმართლეს პრეზიდენტის, პოლიტიკოსების განცხადებები", დაიწყოს და აწარმოოს გამოძიება.