პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ხელმძღვანელი ანა არგანაშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ შოვის სტიქიასთან დაკავშირებით დღეს გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადება, რომელიც "მოწმეებზე პოტენციურად ახდენს ზეგავლენას, შესაძლოა, იყოს ცალკე დანაშაული".
არგანაშვილის თქმით, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს დღეს დაზარალებულთა მიმართ რაიმე ტიპის შეფასებითი მსჯელობა, "სწორედ იმ ხელისუფლების მხრიდან, რომელთა მოქმედებების ან უმოქმედობის გამოძიება უნდა განხორციელდეს".
"ნამდვილად საკმაოდ ცუდ სურათს ვხედავთ, რაც ხდება ახლა ხელისუფლების მხრიდან. რა თქმა უნდა, საქართველო არის ადამიანის უფლებების საერთაშორისო ხელშეკრულებებით ვალდებული, დაიცვას თავისი მოქალაქეების სიცოცხლის უფლება, მათ ევალებოდათ ეს მანამდე, პრევენციული ზომებით და სამწუხაროდ, რაც მოხდა მას შემდეგ უკვე ეფექტური გამოძიებით, რომელიც ასევე სიცოცხლის უფლების დაცვის შემადგენელი ნაწილია. რასაც ახლა ვხედავთ, ძალიან შემაშფოთებელია, რადგან ყველა გადარჩენილი ამ გამოძიებაში, რომელიც უნდა მიმდინარეობდეს ეფექტურად, რეალურად არის მოწმე, თვითმხილველი. როდესაც პარლამენტარი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები აკეთებენ განცხადებებს, რაც ამ მოწმეებზე პოტენციურად ახდენს ზეგავლენას, ეს უკვე შეიძლება იყოს ცალკე დანაშაული, ვინაიდან მოწმეებზე ზეგავლენა დაუშვებელია, დაუშვებელია შევაშინოთ ისინი და ჰქონდეთ იმის განცდა, რომ მათი საუბარი სიმართლის შესახებ არის ვიღაცისთვის არასასურველი, ამიტომ დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს დღეს დაზარალებულების მიმართ რაიმე ტიპის შეფასებითი მსჯელობა, სწორედ იმ ხელისუფლების მხრიდან, რომელთა მოქმედებების ან უმოქმედობის გამოძიება უნდა განხორციელდეს", - აცხადებს არგანაშვილი.
PHR-ის ხელმძღვანელის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ევალებოდა სტიქიაზე რეაგირება, აქედან გამომდინარე, არგანაშვილი თვლის, რომ შეუძლებელია შსს-მ ეფექტურად გამოიძიოს ეს საქმე. არგანაშვილის თქმით, იმისათვის, რომ არ მოხდეს ინტერესთა კონფლიქტი, გამოძიება უნდა გადაებაროს პროკურატურას.
არგანაშვილის თქმით, პირდაპირი ძალადობაა, როდესაც "ვამბობთ, რომ მოწმემ შესაძლოა იცრუა" და "დაუშვებელია, როდესაც ასეთ შოკურ რეაქციაზე მყოფ ადამიანს გადარჩენის სტრატეგიას უწუნებენ".
"აუცილებელია დავაკონკრეტოთ, რომ შსს-ს პირველ რიგში ევალებოდა რეაგირება და წარმოვიდგინოთ, როგორ შეიძლება მან ეფექტურად გამოიძიოს ის, სადაც თავად იყო რეაგირებაზე პასუხისმგებელი, ამიტომ, აქ უნდა დადგეს ინტერესთა კონფლიქტის საკითხი და რეალურად, გამოძიება უნდა გადაებაროს პროკურატურას, რათა ინტერესთა კონფლიქტი არ მოხდეს. არაერთხელ ითქვა, ჩავთვალეთო, რომ აღარ იყო საჭიროო სამაშველო ღონისძიებაო, საშინელ ანალოგიას მოვიყვან - რომ მოხდეს უბედურება და ვთქვათ, ვიღაცას დაეჯახოს მანქანა, უნდა ჩათვალოს იმ ადამიანმა, რომ არ უნდა გამოიძახოს სასწრაფო და აზრი არ აქვს იმის გადარჩენას, ვინც ჩავარდნილია სიცოცხლისთვის სახიფათო მდგომარეობაში?
არავითარ შემთხვევაში და ჩვენ ზუსტად ამასთან გვაქვს საქმე, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენელი ამბობს, რომ ვიგულისხმეთ, რომ აზრი არ ჰქონდა დახმარების ღონისძიებასო. პირველ რიგში, გვჭირდება ობიექტური გამოძიება და ექსპერტების დასკვნა, რომელიც თუნდაც გადაამოწმებს, რამდენი ზარი იყო შესული 112-ზე, ყველა ზარის ავტორი დღეს არის თუ არა გადარჩენილი, თუ შემთხვევით გვყავს ისეთი ადამიანები, ვინც იბრძოდნენ და ვერ გადარჩნენ. ძალიან ბევრი კითხვაა პასუხ გასაცემი. აუცილებელია, რომ გამოძიება ჩაატაროს ობიექტურობის მეტი გარანტიით იმ უწყებამ, ვისაც ეს შეუძლია და ვინც არ იყო რეაგირებაზე პასუხისმგებელი, აუცილებელია, რომ შეწყდეს მოწმეებზე ერთის მხრივ ზემოქმედება და მეორეს მხრივ, ძალადობა. პირდაპირი ძალადობაა, როდესაც ვამბობთ, რომ მოწმემ შესაძლოა იცრუა, შესაძლოა, მისი არჩეული გადარჩენის სტრატეგია არ იყო სწორი, დაუშვებელია, რომ ასეთ შოკურ რეაქციაში მყოფ ადამიანს დავუწუნოთ გადარჩენის სტრატეგია. ეს ყველაფერი ახლავე უნდა განხორციელდეს, იმიტომ რომ გამოძიებას ექმნება საფრთხე და შესაძლოა, მან სრულად დაკარგოს სანდოობა, ისედაც ამის ზღვარზე ვართ, ამ განცხადებების ფონზე", - თქვა არგანაშვილმა ფორმულას ეთერში.
დღეს ირაკლი კობახიძემ შოვის სტიქიაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და "წარმოუდგენელი ტყუილი" უწოდა ფაქტს, რომ ერთ-ერთი ბავშვი ღვარცოფს რამდენიმე საათის განმავლობაში ებრძოდა. მანვე ეჭვქვეშ დააყენა სტიქიას გადარჩენილი დავით ჯელაძის ისტორია, რომლის თანახმადაც, ის ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირამდე გადავიდა. კობახიძემ თქვა, რომ ეს ყველაფერი "გადასამოწმებელია".