დროა: ბათუმში აქციაზე პოლიცია გენრი დოლიძეს ფიზიკურად გაუსწორდა

დროა: ბათუმში აქციაზე პოლიცია გენრი დოლიძეს ფიზიკურად გაუსწორდა

პარტია დროაში აცხადებენ, რომ ბათუმში, რუსების კრუიზის პროტესტზე დაკავებისას გენრი დოლიძეს პოლიციამ სცემა.

ადვოკატის თქმით, დოლიძეს დაზიანებები სახესა და ფეხებზე აქვს.

"დღეს, ბათუმში გამართულ აქციაზე პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა პარტია დროას ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელს, გენრი დოლიძეს. სენაკის წინასწარი დაკავების იზოლატორში მას ცოტა ხნის წინ ადვოკატი ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ გენრის აღენიშნება დაზიანებები სახესა და ფეხებზე. მისი თქმით, პოლიციამ "დროას" წევრს დაკავებისას სცემა.

გენრი დოლიძე, დანარჩენ 22 ადამიანთან ერთად, დღეს ბათუმში გამართულ ანტირუსულ აქციაზე დააკავეს. მთელი დღის განმავლობაში, უცნობი იყო მათი ადგილსამყოფელი"- აცხადებენ პარტიაში.

შსს-ს ცნობით, დღეს ბათუმში მიმდინარე პროტესტზე 23 ადამიანი დააკავეს.

***

ბათუმში, რუსული საკრუიზო გემის შემოსვლამდე მოქალაქეები შეიკრიბნენ. აქცია გვიან ღამით დაიწყო. ადგილზე იყო ხმაური და დაპირისპირებაც. აქციის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, პოლიციამ ბათუმის პორტთან და ნავსადგომთან მისასვლელი მონაკვეთები გადაკეტა.

28 ივლისს ცნობილი გახდა, რომ რუსი ოკუპანტები ბათუმში კიდევ ერთ საკრუიზო მოგზაურობას გეგმავენ, სახელწოდებით ვარსკვლავური კრუიზი - ლაინერი Astoria Grande აჭარას გვიან ღამით დატოვებს.

ლაინერზე ტელეკომპანია RU.TV-ის პროპაგანდისტი წამყვანები და უკრაინის წინააღმდეგ ომის მხარდამჭერი მომღერლებიც იქნებიან. ბორტზე იქნებიან: მომღერლები დიმიტრი კოლდუნი, მიტია ფომინი, ამირჩიკი და ტესტოსტერონი, ასევე ივან ჩუიკოვი და დიმიტრი ოლენინი.

ლაინერი 29 ივლისიდან 5 აგვისტოს ჩათვლით გაივლის მარშრუტს სოჭი-ტრაბზონი-ბათუმი-ამასრა-სტამბული და ბოლოს ისევ სოჭში დაბრუნდება.

მანამდე ლაინერმა Astoria Grande-მ ერთი მოგზაურობა ბათუმში უკვე მოაწყო. 22 ივლისს ლაინერმა სოჭიდან ახალი მარშრუტით მოგზაურობა დაიწყო. გემი ბათუმის პორტში 27 ივლისს, დილის 5 სააათზე შემოვიდა.

ბათუმის პორტში, სადაც საკრუიზო გემი იყო გაჩერებული მოსახლეობა, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები შეიკრიბნენ. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც. პარალელურად, აქცია გაიმართა თბილისშიც, პარლამენტის შენობასთან.მოსახლეობის პროტესტის ფონზე საკრუიზო გემმა ბათუმის პორტი დროზე ადრე დატოვა.

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, რომ გემი თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ს ემსახურება და მისი შემოსვლა კომერციული ხასიათისაა.