დოუტი: შეშფოთებული ვარ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრებით

დოუტი: შეშფოთებული ვარ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრებით

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა, თანამეგობრობისა და განვითარების საკითხებში სახელმწიფო მდივანი, სტივენ დოუტი საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას ეხმაურება.

იგი შეშფოთებას გამოთქვამს ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრებაზე და ამბობს, რომ ეს პოლიტიკური ნაბიჯი მიზნად ისახავს, შეუზღუდოს მათ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა.

"სერიოზულად შეშფოთებული ვარ რამდენიმე წამყვანი ქართველი ოპოზიციონერისთვის ბოლო დროს დაკისრებული სასჯელით. ეს სასჯელები აშკარად პოლიტიკურად მოტივირებულია და მიზნად ისახავს პოლიტიკური ოპოზიციის მხრიდან მომავალ არჩევნებში მონაწილეობის დაბლოკვას. 23 ივნისს მე მოვუწოდე „ქართულ ოცნებას“, შეეწყვიტა სასამართლოს ბოროტად გამოყენება განსხვავებული აზრის გასაჩუმებლად და გაეთავისუფლებინა ყველა პოლიტიკური პატიმარი. გარდა ამისა, საგარეო საქმეთა, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისმა 30 ივნისს დაიბარა საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, რათა ნათლად გამოეხატა გაერთიანებული სამეფოს მტკიცე წინააღმდეგობა საქართველოს სულ უფრო მავნე ტრაექტორიის მიმართ. ჩვენ კვლავ ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში გაუარესებულ სიტუაციას. 1 ივლისს მე ვუხელმძღვანელე საგანგებო შეხვედრას თანამოაზრე ევროპელ დემოკრატიებთან საქართველოზე, რათა განგვეხილა არსებული სიტუაცია და რეაგირების ზომები", - თქვა მან.

იგი ასევე ეხება ბოლო პერიოდში "ქართული ოცნების" მიერ მიღებულ რეპრესიულ კანონმდებოლობის მიღებას, აქტივისტთა გახშირებულ დაკავებასა და ივანიშვილის ხელისუფლების წევრების ანტიდასავლურ რიტორიკას.

მისი თქმით, ამ და კიდევ არაერთ პრობლემურ საკითხზე დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან შეშფოთება გამოთქვა.

დოუტი ამბობს, რომ დიდი ბრიტანეთი, პარტნიორებთან ერთად, განიხილავს, თუ როგორ უნდა უპასოხოს ქართული ოცნების პრორუსულ პოლიტიკას.

"15 მაისს გამოვთქვი ჩემი შეშფოთება სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის შესახებ ბოლო დროს მიღებული რეპრესიული კანონმდებლობის, შეკრების თავისუფლების შეზღუდვებისა და თვითნებური დაპატიმრებების, ასევე „ქართული ოცნების“ მაღალი დონის წარმომადგენლების მხრიდან მზარდი ანტიდასავლური რიტორიკის შესახებ. 18 ივნისს, მე-5 პრეზიდენტ ზურაბიშვილთანაც ასევე დავაფიქსირე ჩემი შეშფოთება „ქართული ოცნების“ მიერ სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და ოპოზიციის ხმის შეზღუდვის და ასევე რეპრესიული კანონმდებლობის შესახებ და გამოვხატე ჩემი მხარდაჭერა საქართველოში მისი საქმიანობის მიმართ დემოკრატიის მხარდასაჭერად. 26 ივნისს, ჩვენმა ელჩმა საქართველოში „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრ ბოჭორიშვილთან სამოქალაქო საზოგადოებაზე, მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა. ჩვენ, პარტნიორებთან თანამშრომლობით, აქტიურად განვიხილავთ სხვადასხვა ვარიანტს, რათა ვუპასუხოთ ბოლოდროინდელ ქმედებებს.

დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ ურყევი რჩება და მზად ვართ, დავეხმაროთ მას ევროპული ღირებულებებისა და დემოკრატიული ნორმების დაბრუნებაში", - თქვა მან.