რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული ლევან დოთიაშვილის ცოლი, სოფიო ანდრიაძე ითხოვს, რომ მისი ქმარი სახლში დააბრუნონ. იგი ამბობს, რომ არაფერი იცის დოთიაშვილის ჯანმრთელობის შესახებ.
"ბაზრიდან ახალი მოსული იყო, დაღლილი, დაქანცული, საშინაო ფორმით არის წასული... დამიბრუნონ, მეტს არაფერს ვითხოვ. მშვიდობიანად, თავისი პატარა შვილები ელოდებიან სახლში. ის არის ჩვენი შემომტანი, გამტანიც და ყველაფერი. მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია. არაფერი ვიცი ჯანმრთელობის შესახებ. ყველასა ვთხოვ, თუ ვინმეს დახმარება შეუძლია, დამიბრუნონ ჯანმრთელი", - ამბობს ქალი.
6 ნოემბერს სოფელ კირბალთან ოკუპანტებმა საქართველოს ერთი მოქალაქე მოკლეს, მეორე კი გაიტაცეს.
მოკლული თამაზ გინტურია, ხოლო გატაცებული - ლევან დოთიაშვილი.
როგორც ცნობილი გინტური და დოთიაშვილი, სხვა პირებთან ერთად სასაფლაოზე ავიდნენ და ლომისის სალოცავზეც მივიდნენ.
ამის შემდეგ ერგენეთში, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნით აოკუპაციო ძალების წარმომადგენლებთან საგანგებო შეხვედრა გაიმართა. თბილისმა თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავეთა დასჯა და ლევან დოთიაშვილის გადმოცემა მოითხოვა. შეხვედრაზე, ოკუპანტებმა თქვეს, რომ საკუთარ დანაშაულზე ე.წ. გამოძიებას აწარმოებენ და რომ გატაცებული დაჭრილი არ არის და ამჟამად ცხინვალის ე.წ. ციხეში იმყოფება.
ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ამტკიცებს, რომ მოკლულმა და გატაცებულმა ე.წ. მესაზღვრეებს წინააღმდეგობა გაუწიეს და სასაზღვრო სამსახურის პერსონალის მიმართ "უკიდურესი აგრესია" გამოიჩინეს.
ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ოჯახი სავარაუდო მკვლელებს ასახელებს. როგორც მისი ძმა ჟურნალისტებთან ამბობს, ეს ინფორმაცია მას სანდო წყარომ მიაწოდა. მისი თქმით, ეს პირები, სავარაუდოდ, არიან ვასილ დემიდოვი და ნიკოლაი იშჩენკო.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.