უმაღლესი განათლების ექსპერტების განცხადებით, საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრისა და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის წევრობას კარგავს. აღნიშნულ ინფორმაციას უმაღლესი განათლების ექსპერტები, ირინე დარჩიამ, ლიკა ღლონტმა, მარინე ჩიტაშვილი, ქეთი ცოტნიაშვილი ავრცელებენ.
მათი ცნობით, ამის მიზეზი ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტების დარღვევაა.
განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის ექსპერტთა ჯგუფის შეფასებაში აღნიშნულია, რომ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი არ არის და ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა უნივერსიტეტებზე პოლიტიკური ზეწოლის მექანიზმად გამოიყენება.
ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) წევრობის დაკარგვა და ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრში (EQAR) რეგისტრაციის გაუქმება საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის (უსდ) ნიშნავს, რომ:
1. საქართველოს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა ევროპულ სტანდარტებთან აღარ არის შესაბამისობაში, რაც უარყოფითად აისახება ჩვენი განათლების სისტემის რეპუტაციაზე, მის მიმართ არსებულ ნდობასა და ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე;
2. საქართველოს უსდ-ების მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის სანდოობა ეჭვქვეშ დადგება და პრობლემური გახდება სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების კრედიტების, დიპლომების საზღვარგარეთ აღიარება, განსაკუთრებით, ევროკავშირისა და ბოლონიის პროცესის/ერთიანი ევროპული საგანმანათლებლო სივრცის წევრ ქვეყნებში;
3. საფრთხის წინაშე დადგება საქართველოს უსდ-ს მიერ განხორციელებული როგორც მოქმედი, ისე დაგეგმილი ერთობლივი საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც კურსდამთავრებულებს ე.წ. ორმაგ აკადემიურ ხარისხს ანიჭებს;
4. მკვეთრად გაუარესდება უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის, მათ შორის, საერთაშორისო მობილობისა და სხვა ტიპის თანამშრომლობის, ასევე, საერთაშორისო სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებლები. ეს კი, უარყოფითად აისახება როგორც სწავლების ხარისხზე, ისე უსდ-ების შემოსავლებზე.
5. ENQA-ს წევრობის და EQAR-ში რეგისტრაციის დაკარგვას, შესაძლოა, მოჰყვეს სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) მხრიდან ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის აღიარების დაკარგვაც, რაც გამოიწვევს საქართველოში მიღებული სამედიცინო განათლების აღიარების პრობლემას საერთაშორისო დონეზე.
ასევე, ეს ცალსახად ჩვენი უსდ-ების მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამებზე უცხოელი სტუდენტების რაოდენობის არსებითად შემცირებას გამოიწვევს, რაც სერიოზულსა და აუნაზღაურებელ ფინანსურ ზიანს მიაყენებს უმაღლესი განათლების საჯარო და კერძო სექტორს. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უმაღლესი 2019 წელს განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ ასოციაციაში (ENQA) გაწევრიანდა და ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრში (EQAR) დარეგისტრირდა.
ამის შედეგად, საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულება საქართველოს უმაღლესი განათლების ევროპულ სტანდარტებთან სინქრონიზაციასთან დაკავშირებით შესრულდა. ეს იყო ჩვენი ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა და აღიარება, რომ საქართველოში მოქმედი განათლების ხარისხის განვითარების სტანდარტები და პროცედურები ევროპული სტანდარტის შესაბამისია.