დიდუბის მაჟორიტარი: ავარიულობის მესამე დონეზე უსაფრთხოების ჯებირების საჭიროება არ არსებობს

დიდუბის მაჟორიტარი: ავარიულობის მესამე დონეზე უსაფრთხოების ჯებირების საჭიროება არ არსებობს

დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატი გივი ჩხარტიშვილი ამბობს, რომ შენობას, რომლის ფასადის ჩამონგრევამაც გუშინ 2 ადამიანი იმსხვერპლა, ავარიულობის მესამე დონე აქვს მინიჭებული.

ის ირწმუნება, რომ ასეთ შემთხევვებში არ არსებობს საჭიროება ადამიანებს შენობაში ცხოვრება აეკრძალოთ ან დამაგრდეს უსაფრთხოების ჯებირები.

ჩხარტიშვილი თბილისის მერიას პასუხისმგებოლობას ხსნის ამტკიცებს, რომ 2017 წელს აღნიშნულ კორპუსს გამაგრებითი სამუშაოები ჩაუტარდა, ხოლო მის მოსახლეობას შესთავაზეს ჩანაცვლების პროგრამა, რაზეც შეთანხმება ვერ მოხერხდა.

"94 ადამიანი არის 10 სასტუმროში გადანაწილებული და აქტიური კომუნიკაცია გვაქვს, როგორც გამგეობის თანამშრომლებს, ისე მაჟორიტარის წარმომადგენლობით ორგანოს მოქალაქეებთან. საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად ვცდილობთ ყველა ის დახმარება აღმოვუჩინოთ, რაც სჭირდებათ ამ ადამიანებს პირველ ეტაპზე. მიმდინარეობს მუშაობა და კომუნიკაცია ამ ადამიანებთან, მომდევნო პერიოდში თუ როგორ უნდა დავიგეგმოთ, თუ როგორ უნდა მოხდეს ნივთების გამოტანა, არის ავარიული სადარბაზოები, სადაც ვერ მოხდება შესვლა სამაშველოს გარეშე.

ამ კორპუსთან დაკავშირებით, დიდუბის რაიონის გამგეობას ჰქონდა არაერთხელ 5 წლის მანძილზე კომუნიკაცია, ლაბორატორიული დასკვნა არსებობს, სადაც არის მესამე კატეგორია. 2017 წელს ეს კორპუსი არის გამაგრებული და მოსახლეობას არაერთხელ შევთავაზეთ ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამასთან დაკავშირებით, სადაც 100%-იანი თანხმობა ვერ ხერხდებოდა. მესამე ხარისხი იმ დონის ავარიულობა არ არის, რომ აიკრძალოს შენობაში ცხოვრება, ან რაიმე ისეთი უსაფრთხოების ნორმები იქნეს მიღებული, რომელიც ცხოვრებას აკრძალავს ან უსაფრთხოების ჯებირები იქნება განსათავსებელი", - თქვა მან.