დიდი ბრიტანეთის ქალაქებში ულტრამემარჯვენე ძალების მიერ ქვეყნის მასშტაბით მიგრანტების წინააღმდეგ ორგანიზებული ახალი დემონსტრაციები გრძელდება. კვირას, 4 აგვისტოს ღამით, პოლიციამ განაცხადა, რომ მასობრივი არეულობების 147 მონაწილე დააკავა.
არეულობა მრავალ ქალაქში მოხდა, მათ შორის ლივერპულში, ბრისტოლში, მანჩესტერსა და ბელფასტში. აქციის მონაწილეებმა დააზიანეს მაღაზიები და თავს დაესხნენ პოლიციელებს.
გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრმა, კირ სტარმერმა ქვეყნის ქალაქებში განვითარებულ მოვლენებს არა პროტესტი, არამედ ორგანიზებული ძალადობა უწოდა და განაცხადა, რომ არეულობების მონაწილეებს კანონით გათვალისწინებულ ყველაზე მკაცრ პასუხს მოსთხოვენ.
აქციებმა სათავე დიდწილად მაშინ აიღო, როდესაც 29 ივლისს დანით შეიარაღებულმა პირმა ბავშვთა ცეკვის სტუდიაში სამი გოგო მოკლა და კიდევ რვა ბავშვი დაჭრა. პოლიციამ თავდასხმაში ეჭვმიტანილი 17 წლის ბიჭი დააკავა.
თავდაპირველად ვრცელდებოდა ცნობა, რომ თავდამსხმელი რადიკალი ისლამისტი მიგრანტი იყო. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ბოროტმოქმედი კარდიფშია დაბადებული. მიუხედავად ამისა, აქციები დიდი ბრიტანეთის ქალაქებში არ წყდება.
ეჭვმიტანილი 2006 წელს დიდ ბრიტანეთში, ქალაქ კარდიფში დაბადებული აქსელ მუგანვა რუდაკუბანია. მისი ოჯახი წარმოშობით რუანდიდანაა. თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.