დღეს ფორმულას დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის საქმეზე სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. მოსამართლეთა კოლეგია სათათბიროდ 27 თებერვალს გავიდა.
ადვოკატებს პოზიტიური მოლოდინები არ აქვთ და ელიან, რომ სააპელაციო სასამართლო ძალაში დატოვებს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას და ფორმულას დამფუძნებელ დავით კეზერაშვილს თავდაცვის სამინისტროსთვის ზიანის ანაზღაურებისთვის 5 მილიონ ევროს დააკისრებს.
29 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ ფორმულას დამფუძნებელს, დავით კეზერაშვილსა და ალექსანდრე ნინუას თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ 5 060 000 ევროს ანაზღაურება დააკისრა.
ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი.
დავით კეზერაშვილსა და ალექსანდრე ნინუას გენერალური პროკურატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სახელმწიფოს დიდი ოდენობით ფულადი თანხების მითვისება/გაფლანგვას ედავებოდა.
პროკურატურის მტკიცებით, საქმე ეხებოდა ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანია GIRWOOD BUSINESS CORP- ის სასარგებლოდ გარკვეული მომსახურების გაწევის მიზნით დიდი ოდენობით თანხის გადარიცხვას, თუმცა სამინისტროს ეს მომსახურება (წვრთნები) არ მიუღია.