დღეს, რამდენიმე საათის განმავლობაში სოფელ ხურვალეთთან საოკუპაციო ძალების გადაადგილება შეინიშნებოდა - ინფორმაცია და კადრები ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრმა, დავით ქაცარავამ გაავრცელა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები პერიოდულად უკანონოდ გადაადგილდებიან - მათი თქმით, ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმეში მსგავს შემთხვევებს ქართული მხარე მუდმივად აყენებს ჟენევის დისკუსიების ფორმატზე. უწყების ცნობით, ბოლო შემთხვევასაც ქართული მხარე დააყენებს მომდევნო შეხვედრაზე.
ცოტა ხნის წინ ხურვალეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები შევიდნენ. პროცესს ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი თვალს ადევნებდა და პარალელურად, ისმოდა საპროტესტო შეძახილები: "ეს თქვენი მიწა არ არის". ხურვალეთი იყო პირველი სოფელი, სადაც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. ბორდერიზაცია 2011 წელს დაიწყეს.