დეტექტივი: ოთარ ფარცხალაძეს და ძმებ მიქაძეებს ლევან ჯანგველაძის მკვლელობა შეუკვეთეს

დეტექტივი: ოთარ ფარცხალაძეს და ძმებ მიქაძეებს ლევან ჯანგველაძის მკვლელობა შეუკვეთეს

განახლება: თავდაპირველად ფორმულა დაეყრდნო ინტერპრესნიუსს, რომელსაც დეტექტივზე დაყრდნობით ეწერა, რომ "ოპერატიული ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძემ ძმებ მიქაძეებს ლევან ჯანგველაძის მკვლელობა შეუკვეთა". მოგვიანებით, ეს ინფორმაცია ინტერპრესნიუსმაც ჩაასწორა.

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული გელა უძილაურის სასამართლო პროცესზე დეტექტივმა რობიკო გოგიაშვილმა საქმეში ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ახსენა.

კერძოდ, მან პროცესზე თქვა, რომ - "საბოლოოდ მკვლელობის ინიციატორად სახელდება კანონიერი ქურდის ასლან უსოიანის, დედ ჰასანის შვილიშვილი - ირაკლი უსოიანი, რომელმაც 5 მილიონად ოთარ ფარცხალაძეს და ძმებ მიქაძეებს ლევან ჯანგველაძის მკვლელობა შეუკვეთა.".

"წყარომ მომაწოდა ინფორმაცია, რომ ფარცხალაძის და მიქაძეების დაჯგუფების წევრი გიორგი კაჭკაჭიშვილი ძალიან ნერვიულობდა რომ მისი ტელეფონი მოხვდა გამოძიების ხელში რადგან ამ მობილურში იყო ვიდეო, სადაც სანდრო წივწივაძის იარაღები ჩანდა - მათ შორის ის იარაღი რომლითაც ჯანგველაძე მოკლა უძილაურმა. ჯანგველაძის მკვლელობასთან დაკავშირებით წყარო მაწვდის ინფორმაციას რომ ოთარ ფარცხალაძეს და ძმებ მიქაძეებს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ ლევან ჯანგველაძესთან.

მიზეზი იყო ბიზნესდავა, კერძოდ ალკოჰოლის და სიგარეტის ექსპორტზე საქართველოდან რუსეთში. თუმცა ძმები მიქაძეები ვერ ბედავდნენ მოქმედებას მერაბ ჯანგველაძის, კანონიერი ქურდის სტატუსის გამო საბოლოოდ მკვლელობის ინიციატორად სახელდება კანონიერი ქურდის ასლან უსოიანის, დედ ჰასანის შვილიშვილი ირაკლი უსოიანი რომელმაც 5 მილიონად ოთარ ფარცხალაძეს და ძმებ მიქაძეებს ლევან ჯანგველაძის მკვლელობა შეუკვეთა.თვეების განმავლობაში იგეგმებოდა მკვლელობა.

ჩართეს საქმეში გიორგი ჯოხაძე, საბერძნეთიდან დაბრუნების შემდეგ ის შეხვდა გელა უძილაურს და მიიღო დავალება უძილაურმა და უთვალთვალებდა ლევან ჯანგველაძეს რომელიც ამბასადორში შვილთან ერთად იმყოფებოდა. დათქმულ დროში უძილაურმა ვერ შეძლო დავალების შესრულება, რის გამოც მიქაძეებმა და ჯოხაძენ უძილაურს უსაყვედურეს. გელა უძილაურის მიმართ იყო დაპირება რომ მას მალე გამოიყვანდნენ ციხიდან", - განაცხადა დეტექტივმა.

15 მარტს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე კაცი მოკლეს. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს.

მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ მოკლული ე.წ. კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმა, ლევან ჯანგველაძეა.

მკვლელობაში ბრალდებული გელა უძილაური 17 მარტს დააკავეს. მას სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

12 აგვისტოს ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე შსს-მ კიდევ 3 ადამიანი დააკავა, საზღვარგარეთ მყოფ 2 პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა.

დაკავებულებს შორის არის გიორგი მიქაძე, მის ძმას დავით მიქაძეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. მათ გამოძიება ლევან ჯანგველაძის მკვლელობის შეკვეთას ედავება.