ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს იმპიჩმენტის ჩავარდნას ულოცავს. კრამონი ამბობს, რომ იმპიჩმენტის პროცედურის წარმართვით "დიდი ზიანი მიადგა საქართველოს რეპუტაციას".
"დემოკრატიული ინსტიტუტები უფრო მდგრადები აღმოჩნდნენ, ვიდრე ოლიგარქი. ვულოცავ, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, მაგრამ დიდი ზიანი მიადგა საქართველოს რეპუტაციას. ახლა ჩვენ ყველამ უნდა გავაორმაგოთ ძალისხმევა ამ ზიანის აღმოსაფხვრელად და უზრუნველვყოთ, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი დეკემბერში", - წერს ვიოლა ფონ კრამონი Twitter-ზე.
Democratic institutions proved to be more resilient than the oligarch.
Congrats, President @Zourabichvili_S. But a big damage was done to #Georgia's reputation. Now we must all redouble our efforts to undo the damage & ensure that becomes an EU candidate in December https://t.co/nxO4vvZGnn
საქართველოს პარლამენტმა სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს მხარი არ დაუჭირა. იმპიჩმენტი ჩავარდა, რადგან ქართულმა ოცნებამ საჭირო 100 ხმა ვერ მოაგროვა - ზურაბიშვილის გადაყენებას მხარი 86-მა დეპუტატმა დაუჭირა.
პარლამენტში იმყოფებოდა თავად ზურაბიშვილიც.
საკითხის პარლამენტში გადმოტანამდე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია.
სასამართლოს 9 წევრიდან განსხვავებული პოზიცია 3-მა დააფიქსირა - ირინე იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა.
საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის წარდგინების განხილვა 5 ოქტომბერს დაასრულა. პლენუმი სამი დღის განმავლობაში უსმენდა მხარეებს.
სხდომებს არ დასწრებია პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მის ინტერესებს სასამართლოზე იცავდნენ თამარ ჩუგოშვილი - პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი და ქართული ოცნების ყოფილი წევრი, და მაია კოპალეიშვილი - საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე.
წარდგინების ავტორების მხრიდან სხდომაზე მომხსენებლები იყვნენ ირაკლი კობახიძე, ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი.
პირველ სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნება სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. მიზეზად პარტიაში მთავრობის უარის მიუხედავად, პრეზიდენტის ევროპაში გამგზავრება დაასახელეს, რითაც მან "უხეშად დაარღვია კონსტიტუცია".
30 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტის პარალელურად განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მას ყველა მოთხოვნილ ვიზიტზე უარი უთხრეს, მათ შორის, უკრაინაში.
№1797 კონსტიტუციურ წარდგინებაში განხილვის საგანს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის შესაძლო დარღვევა, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების გამო, რაც გამოიხატა საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების განხორციელებით და ოფიციალურ პირებთან სამუშაო შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გამართვით.
კერძოდ, საუბარია სამ სამუშაო ვიზიტზე: 2023 წლის 31 აგვისტოს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, 2023 წლის 1 სექტემბერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან და 2023 წლის 6 სექტემბერს საფრანგეთის პრეზიდენტთან.