
დეკანოზი ილია ჭიღლაძე აცხადებს, რომ 2 წლის განმავლობაში იყო ამჟამად ეპისკოპოსის გიორგი ჯამდელიანის მოადგილე, რომელიც, მისი თქმით, სასულიერო განათლების გარეშე აკურთხეს ეპისკოპოსად.
ფორმულას გადაცემა მრგვალ მაგიდაში დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ თქვა, რომ ის ეპისკოპოსად 2013 წლის სინოდის სხდომაზე აკურთხეს, მათ შორის, ილია მეორის თანხმობით, თუმცა, აღნიშნავს, რომ სინოდის წევრებს, გავლენიან მიტროპოლიტებს მისი ეპისკოპოსად კურთხევა არ სურდათ.
"მე ორი წელი და ცოტა მეტი ვიყავი ჯამდელიანის მოადგილე, ეპარქიის მთავარხუცესი და საკათედრო ტაძრის წინამძღვარი მარნეულში და ჩემზე კარგად ცოტამ იცის ჯამდელიანი და მისი ავან-ჩავანი. ეს არის ქუჩიდან მოსული ახალგაზრდა ბიჭი ეკლესიაში, რომელიც სასულიერო განათლების გარეშე, სემინარია აკადემიაში ერთი დღეც კი არ უსწავლია მას, ისე გახდა ეპისკოპოსი.
ის სრულიად ახალგაზრდა იო ბაქიაშვილმა აღკვეცა ბერად და 6 წლის მერე ის ხდება ეპისკოპოსი - ამ 6 წლის ფარგლებში ის ტყეში, სხვადასხვა მონასტრებში ცხოვრობდა, დაიწყო ქოზიფით, დაასრულა სახუნდარით და მოულოდნელად, 2013 წლის სინოდზე, როდესაც 7 ეპისკოპოსი აირჩიეს და გადაწყვიტეს ხელდასმა, მათ შორის იო ბაქიაშვილის დაჟინებული მოთხოვნით, ილია მეორეს თანხმობით, გადაწყდა 2 სინოდის წევრებისთვის სრულიად უცნობი მღვდელ-მონაზვნის კურთხევა - სვიმეონ ცაკაშვილის და გიორგი ჯამდელიანის, მარნეულის ეპისკოპოსად.
ზოგადად, სინოდის წევრებს, გავლენიან მიტოპოლიტებს არავის უნდოდა მათი ხელდასმა, მაგრამ მეუფე იობმა პატრიარქაზე მოახდინა ძალიან დიდი ზეწოლა...", - თქვა მან.
***
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის სასამართლომ, ეპისკოპოსს გიორგის (ჯამდელიანი) სავარაუდო მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, გიორგი შინჯიკაშვილს, რომელიც 12 მაისამდე ქვემო ქართლი სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, ზიარება აუკრძალა.
"ბრალდებულ ბატონ გ.შ, გულწრფელ სინანულამდე, აეკრძალოს წმინდა და საღვთო ზიარების მიღება, ხოლო სინანულის შემთხვევაში, დაექვემდებაროს წმინდათა შორის ჩვენი მამის, ბასილი კესარიელის 56-ე დადგენილებას და ოცი წელი დაჰყოს უზიარებელმა", - წერია ოქმში.
ეპარქიის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ განაჩენი მონაზონ თეკლა კუბლაშვილისა და სხვა ფაქტობრივ მტკიცებულებებზე დაყრდნობითაა გამოტანილი.
ეპისკოპოსმა გიორგიმ 8 ივნისს თქვა, რომ სავარაუდოდ, გიორგი შინჯიკაშვილი მონაზვნის ხელით მის მოწამვლას გეგმავდა. ამის შესახებ მან წირვის დასრულების შემდეგ ქადაგების დროს ისაუბრა.
სასულიერო პირის სკანდალური განცხადების შემდეგ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 18,108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მომზადებას გულისხმობს.
თუმცა ეკისკოპოსი ამბობს, რომ ის გამოძიებასთან თანამშრომლობას არ აპირებს.