დეკანოიძე: შეიძლება ქალი კოლეგები დაუკავშიროთ ჰარემს და მერე თანასწორობაზე ილაპარაკოთ?

დეკანოიძე: შეიძლება ქალი კოლეგები დაუკავშიროთ ჰარემს და მერე თანასწორობაზე ილაპარაკოთ?

"შეიძლება თუ არა ქალები, კოლეგები დაუკავშირო ჰარემს? და მერე აქ გამოხვიდეთ და თანასწორობის სახელით ილაპარაკოთ" - ასე მიმართა ევროოპტიმისტების დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ გირჩის წევრს სანდრო რაქვიაშვილს, რომელიც სესიაზე კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებით კანონპროექტს განიხილავდა.

დეკანოიძემ რაქვიაშვილს ჰკითხა, მისაღებია თუ არა მისთვის შეურაცხმყოფელი კომენტარები, რომლებიც დეპუტატი ქალების მიმართ პარლამენტში გუშინ გაკეთდა.

"გულწრფელად რომ გითხრათ, აღარ ვაპირებ სერიოზულად განხილვაში შესვლას, ერთადერთი ბატონო სანდრო თქვენგან, როგორც ადამიანისგან, რომელიც თანასწორობაზე ზრუნავთ და განსაკუთრებით ქალების თანასწორობაზე - ეთანხმებით თუ არა თქვენი კოლეგის, ბატონი მეგრელიშვილის განცხადებას, რომელიც ამბობს შემდეგს, რომ "ჩემი სიამოვნებისთვის ჰარემს ვერ გავაკეთებო". ანუ, ეთანხმებით თუ არა იმას, რომ საქართველოს პარლამენტის სასესიო დარბაზში ქალი კოლეგები შეიძლება ჰარემს დაუკავშირო რამენაირი გამონათქვამით, თუნდაც გადატანითი მნიშვნელობით.

მე საერთოდ გუშინ აქ ვფიქრობ, რომ მძიმე დღე იყო, ემოციური და განსაკუთრებით მძიმე იყო ყველა ქალისთვის, ვინც ჩვენ გვიყურებდა, ის შეურაცხყოფა, რომელიც აქ ისმოდა, მაგრამ მე არ მგონია, რომ ეს არანაკლებია, რაც ბატონმა მეგრელიშვილმა გუშინ იკადრა, ვიდრე ის გამონათქვამები, რაც გვესმოდა უმრავლესობის ერთ-ერთი წევრის მხრიდან. ამიტომ, მე მაინტერესებს თქვენგან, როგორც ადამიანისგან, რომელსაც გყავთ დედა, არ ვიცი ალბათ დაც, გოგო შვილიც, და იმ ადამიანებს რომ უთხრათ, ქალებს, ახალგაზრდებს, შეიძლება თუ არა ქალები, კოლეგები დაუკავშირო ჰარემს? და მერე აქ გამოხვიდეთ და თანასწორობის სახელით ილაპარაკოთ.

ამიტომ, თქვენ ახლა ან უნდა გამცდეთ პასუხი, რომ კი, შეიძლება ან უნდა მითხრათ, რომ არ შეიძლება. თურმე საპირისპირო სქესის კოლეგების რაღაც ვიზუალური, სექსუალური აღქმა უნდა იყოს, მაგალითად: "მაგრად გამისწორდებოდა უმრავლესობა ქალები რომ იყოთ პოლიტიკაში, ბევრად სასიამოვნოდ გავატარებდი დროს", ეს მისაღებია თუ არა ქალი კოლეგების მიმართ", - თქვა დეკანოიძემ.

ოცნების დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ პარლამენტში კვოტირების განხილვისას ოპოზიციონერი დეპუტატები შეურაცხმყოფელი, მიზოგინური რეპლიკით მოიხსენია და მათ "მოუტ*ვნელი ქალები" უწოდა.

"დედა მოვტ*ან თქვენი, მოუტ*ვნელი დედაკაცების ჯოგი. ეს არის მოუტ*ვნელი ქალების სინდრომი, მოუტ*ვნელის", - თქვა ოდიშარიამ პარლამენტში.

ქალების მიმართ შეურაცმხყოფელი და სექსისტური კომენტარები გააკეთა გირჩს წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმაც.

"მაგრად გამისწორდებოდა უმრავლესობა ქალები რომ იყოთ. უფრო სასიამოვნოდ გავატარებდი დროს საპირისპირო სქესის ადამიანებთან, მაგრამ არ არის, რა ვქნა? ძალით ხომ არ მოვიყვანთ?! ჩემი სიამოვნებისთვის ძალით რომ შემეძლოს ქალების მოყვანა, ხომ სხვა სახელს დამარქმევდით? ჩემი სიამოვნებისთვის ჰარემს ხომ არ გავაკეთებ?" - თქვა მეგრელიშვილმა

***

პარლამენტში კვოტირების საკითხს განიხილავდნენ, რასაც 3 აპრილს პირველი მოსმენით დაუჭირეს მხარი. გაუქმების ინიციატივით პარტია გირჩი გამოვიდა, მათ კი ქართული ოცნება უჭერს მხარს, რომელმაც თავის დროზე ეს კანონპროექტი მიიღო.

არსებული ნორმით, პარტიები ვალდებულნი არიან, რომ საარჩევნო სიაში ყოველი მეოთხე ქალი იყოს. კანონპროექტი კი ამ ვალდებულებას აუქმებს.