დათუნაშვილი რიკოთზე: ინფრასტრუქტურის სამინისტრო კორუფციის ბუნაგია

დათუნაშვილი რიკოთზე: ინფრასტრუქტურის სამინისტრო კორუფციის ბუნაგია

ლელოს წევრი თაზო დათუნაშვილი ძლიერი წვიმის გამო დაკეტილ რიკოთის უღელტეხილს ეხმაურება და ამბობს, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრო "კორუფციის ბუდეა". მისივე თქმით, რიკოთზე მომუშავე კომპანიებს მძიმე რეპუტაცია აქვთ.

"საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო არის უმსგავსობის და კორუფციის ბუნაგი, რომელიც ადამიანების სიცოცხლისთვისაა საშიში. ვისაც რამე საქმე გქონდათ, იცოდეთ რომ რიკოთი დაკეტილია გაურკვეველი ვადით - ახლა რა პასუხი ექნება უტიფარ და უსახელო მინისტრს ? შემდეგ მეწყრამდე სისულელეების ბოდვაში გაატარებს? რიკოთზე მომუშავე ჩინური კომპანიები არიან საშიშები და მძიმე რეპუტაციის. ეს არ არის პოლიტიკური დავის საგანი, საქმე ადამიანების სიცოცხლეს ეხება და ქვეყნის ცენტრალურ გზას. ნუთუ ამდენს ვერ ხვდებით? სანამ მსხვერპლი არ იქნება არ გამოფხიზლდებით?", - წერს დათუნაშვილი ფეისბუქზე.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად რიკოთზე მიწის შვავი ჩამოწვა, რის შედეგადაც მოძრაობა შეიზღუდა.

მათივე ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 169 კმ-ზე (რიკოთის მონაკვეთი) ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ადგილზე ჩამოსულმა მიწის შვავმა შეაფერხა საავტომობილო მიმოსვლა.

უწყებაში ამბობენ, რომ ამ დროისათვის მიმდინარეობს აქტიური გაწმენდითი სამუშაოები, რათა საავტომობილო მოძრაობა უმოკლეს ვადებში სრულად აღდგეს.