დარჩიაშვილი: სამინისტრო ელჩთან არანაირი კონსულტაციების გამართვას არ აპირებს

დარჩიაშვილი: სამინისტრო ელჩთან არანაირი კონსულტაციების გამართვას არ აპირებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის თქმით, სამინისტრო მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის საკითხზე კონსულტაციებისთვის უკრაინიდან სამშობლოში გამოგზავნილ ელჩთან "არანაირი კონსულტაციების გამართვას არ აპირებს".

ამის შესახებ დარჩიაშვილმა ტელეკომპანია იმედის ეთერში ისაუბრა.

"მე მინდა ჩვენს მაყურებელს და ჩვენს უკრაინელ პარტნიორებს ვუთხრა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო არანაირი კონსულტაციების გამართვას არ აპირებს ელჩთან." - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

საგარეო მინისტრმა უკრაინის ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას "უსამართლო, უსამართლო, არამეგობრული და არადიპლომატიური" უწოდა.

"მე ვიტყოდი, რომ უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება, დაატოვებინონ ჩვენს ელჩს უკრაინის ტერიტორია ამის შეფასებისას გამოვიყენებდი რამდენიმე სიტყვას, ეს არის: უსამართლო, უსამართლო, არამეგობრული და არადიპლომატიური" - განაცხადა მინისტრმა.

დარჩიაშვილმა მოგვიანებით თითოეული ეს შეფასება განმარტა.

მისი თქმით, გადაწყვეტილება არადიპლომატიურია, რადგან მსგავსი პრეცედენტი არ არსებობს პრაქტიკაში, როცა მასპინძელი ქვეყანა იძულებით ატოვებინებს ელჩს ტერიტორიას, რათა საკუთარ ქვეყანაში კონსულტაციებისთვის დაბრუნდეს.

მისი თქმით, უკრაინაში საქართველოს ელჩმა უკვე დატოვა უკრაინა და ის თბილისიდან, საგარეო საქმეთა სამინისტროში გააგრძელებს ელჩის მოვალეობის შესრულებას.

დარჩიაშვილის თქმით საქართველოს საელჩო კიევში მუშაობას განაგრძობს. მინისტრის აზრით, უკრაინის ეს გადაწყვეტილება უსამართლოა თავად ელჩის, გიორგი ზაქარაშვილის მიმართაც, რომელსაც მისი თქმით, ომის დაწყებიდან კიევი არ დაუტოვებია.

"საქართველოს საელჩო კიევში განაგრძობს მუშაობას. დიპლომატები ადგილზე არიან და ჩვენ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას. გიორგი ზაქარაშვილი არის ადამიანი, რომელსაც ყველაზე მძიმე წუთებში, რამდენიმე თითზე ჩამოსათვლელ ელჩთან ერთად, კიევი ერთი დღე არ დაუტოვებია და მის მიმართ, თუნდაც ადამიანურად, ეს გადაწყვეტილება უსამართლოა" - თქვა მინისტრმა.

დარჩიაშვილის თქმით, უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება უსაფუძვლოა, რადგან სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით "კითხვის ნიშნები საერთოდ არ არსებობს".

"უსაფუძვლოა, რადგანაც მათი მხრიდან გაჟღერებული საფუძველი ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც გახდა ამის საფუძველი ამ გადაწყვეტილების მიღების, ვფიქრობ, აქ საერთოდ კითხვები არ არსებობს.

სტრასბურგის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებლობით ეპყრობა ყველა პატიმარს, მათ შორის სააკაშვილს“ - თქვა ილია დარჩიაშვილმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით უკრაინამ არამეგობრული გადაწყვეტილება მიიღო და „მეგობრები ერთმანეთს ასე არ ექცევიან“.

ამავე კონტექსტში დარჩიაშვილმა ისაუბრა უკრაინის მიერ ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ის სანქცირებაზეც და უკრაინის ეს გადაწყვეტილებაც უსაფუძვლოდ მოიხსენია.

"ჩვენ ძალიან ბევრი, ხშირ შემთხვევაში, უსაფუძვლო და უსამართლო შეფასებები მოგვისმენია, ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსისგან. სულ ახლახანს იყო მიღებული გადაწყვეტილება, თუნდაც ერთი ფაქტი მინდა გავიხსენო, ქართული ავიაკომპანიის დასანქცირების. აქაც, არანაირი საფუძველი, უაპელაციოდ კომპანიის დასანქცირება." - განაცხადა მინისტრმა.

დარჩიაშვილის თქმით, ქართული კომპანიის სანქცირებაში სასიხარულო არაფერია და ეს არა მხოლოდ კომპანიის იმიჯს აზიანებს, არამედ "ჩვენს ქვეყანას და ხელისუფლებასაც" - და ეს დარჩიაშვილის აზრით, "პოლიტიკურად ინსპირირებული პროცესია".

ილია დარჩიაშვილმა იმედის ეთერში განაცხადა, რომ უკრაინისადმი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან სოლიდარობა ომის "პირველი დღიდან დაიწყო" და "არაერთი მხარდამჭერი ნაბიჯები გადადგა".

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს თავის "ღირსეულ ნაბიჯებს" უკრაინის დასახმარებლად და მასთან "ცალმხრივად მეგობრობას"

"მინდა ვთქვა, რომ ჩვენ გავაგრძელებთ, ჩვენს ღირსეულ დამოკიდებულებას ჩვენს მხარდამჭერ ნაბიჯებს, რადგანაც მიგვაჩნია, რომ დღეს, მიუხედავად ძალიან ბევრი უსამართლო, საფუძველს მოკლებული ცილისწამების თუ ბრალდებისა, რომელიც ჩვენ გვესმის, ქვეყანა, რომელიც ომშია, დღეს ამის დრო არ არის და ჩვენ ცალმხრივად გავაგრძელებთ მეგობრობას" - თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

3 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემა მოითხოვა და საქართველოს ელჩს შესთავაზა, კონსულტაციებისთვის თბილისში ჩავიდეს.

ელჩმა გუშინ, 5 ივლისს თქვა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრაზე უკრაინულ მხარეს განემარტა - მათ მიერ დაფიქსირებული შეშფოთება "სინამდვილეს არ შეესაბამება".

უკრაინაში საქართველოს ელჩმა გიორგი ზაქარაშვილმა კიევი 6 ივლისს დატოვა.