პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებაში ცოლის განზრახ მკვლელობის საქმეზე კაცს ბრალდება წარუდგინა.
უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიებით დადგინდა, რომ 9 იანვარს თბილისში, ვარკეთილის დასახლებაში, ბრალდებულმა ცოლს დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. ქალი მიღებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მომხდარის შემდეგ, ბრალდებულმა დანით თვითდაზიანებები მიიყენა. ის ამჟამად საავადმყოფოშია მოთავსებული. სამართალდამცავებმა კაცი იმავე დღეს დააკავეს.
კაცს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის კ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.