ხვალ, 25 მაისს, 09:00 საათზე სტუდენტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსთან შეიკრიბებიან, სადაც პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ლექცია უნდა გამართოს.
"დახვდი კობახიძეს" - ამ სახელწოდებით აქცია სტუდენტურმა მოძრაობა "ნაბიჯმა" და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა დააორგანიზეს.
"არა რუსულ კანონს! არა რუსულ რეჟიმს!", - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
გასულ კვირას, თსუ-ში კობახიძის ლექციის პარალელურად, სტუდენტებს ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები და მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ.
სტუდენტები თსუ-ის მეორე კორპუსთან მისულები იყვნენ, რათა მშვიდობიანი პროტესტი გამოეხატათ და სირცხვილის კორიდორი გაეკეთებინათ. თუმცა მათ პროსახელისუფლებო აგრესიული ჯგუფი დაუპირისპირდა, იყო ფიზიკური დაპირისპირება, შეურაცხყოფა და მუქარა.
უნივერსიტეტის დატოვების დროს ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს კითხვებს არ უპასუხა და არც თავდასხმა დაგმო.