დაკავებული გირკინი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს

დაკავებული გირკინი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს

ოკუპირებული დონეცკის ყოფილი ე.წ თავდაცვის მინისტრი, სერგეი გირკინი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. შესაბამისი განცხადება მან წინასწარი პატიმრობის იზოლატორიდან გავრცელებულ წერილში გააკეთა. გირკინი ექსტრემიზმის ბრალდებით დააკავეს.

ის მხარდამჭერებს საარჩევნო შტაბის შექმნას სთხოვს.

"მოგიწოდებთ დაიწყოთ მუშაობა ჩემი პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენაზე - დაიწყოთ ხელმოწერების შეგროვება. ეს არის ჩვენი შანსი, გავერთიანდეთ გარე და შიდა საფრთხის წინაშე", - ნათქვამია გირკინის წერილში.

რუსი სამხედრო ბლოგერი და ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ყოფილი თავდაცვის მინისტრი იგორ გირკინი მოსკოვში, საკუთარ სახლში, 21 ივლისს დააკავეს. იგორ გირკინი რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ყოფილი პოლკოვნიკიც იყო, ხოლო რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკში რუსეთის მარიონეტულ ხელისუფლებაში ე.წ თავდაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

გირკინმა 2023 წლის დასაწყისში განაცხადა, რომ ის პოლიტიკაში აპირებდა მოღვაწეობას. ბოლო პერიოდში ის განსაკუთრებით კრიტიკული გახდა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს მიმართ, რადგან, მოსკოვი, მისი აზრით, "არაკომპეტენტურად" მართავდა უკრაინაში "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას".

ნიდერლანდების სასამართლოს ცნობით, გირკინი ასევე მონაწილეობდა 2014 წელს დონეცკში მალაიზიური სამგზავრო თვითმფრინავის MH17 ჩამოგდებაში, რასაც 298 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ნიდერლანდების სასამართლომ 2022 წელს იგორ გირკინი მასობრივ მკვლელობაში დამნაშავედ მიიჩნია MH17-ის ჩამოგდებაში მონაწილეობის გამო და მას სამუდამო პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა.