ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ "არ იცის განცხადების კონტექსტი", რომელიც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა საქართველოში ჩამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე გაავრცელა.
სტატიაში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, მათ შორის, საქართველოში ვიზიტის მიზნებზე საუბრობს და აცხადებს, რომ "არის მცდელობები, საქართველომ პროევროპულ კურსს გადაუხვიოს".
კობახიძე ამის საპასუხოდ ამტკიცებს, რომ საქართველოში პროევროპულ კურსზე დაბრკოლებები "რადიკალური ოპოზიციის მხრიდან იქმნება".
"მე არ ვიცი, რა არის ამ განცხადების კონტექსტი, აქედან გამომდინარე, კომენტარის გაკეთება გამიჭირდება. ჩვენ ვიცით, რა არის ჩვენი მიზანი და დღის წესრიგი. ჩვენი მიზანია კანდიდატის სტატუსის მიღება და დღის წესრიგი არის 12 პუნქტის შესრულება. რაც შეეხება დაბრკოლებებს ამ გზაზე, დაბრკოლებები იქმნება ერთადერთი მხრიდან, ეს არის რადიკალური ოპოზიცია, რომელიც საერთოდ არ არის ჩართული შესაბამისი რეფორმების განხორციელებაში. დღესაც კენჭი ვუყარეთ 2 დოკუმენტს, რომელიც პირდაპირ უკავშირდება 12 პუნქტის განხორციელებას და რადიკალური ოპოზიციის უდიდესმა ნაწილმა მხარი არ დაუჭირა შესაბამის ცვლილებებს. არ ვიცი ვისზე საუბრობს, აქედან გამომდინარე კომენტარის გაკეთება გამიჭირდება, მაგრამ კიდევ ვამბობ, ჩვენი მიზანია კანდიდატის სტატუსის მიღება და ამოცანაა 12 პუნქტის შესრულება, ამის საპირისპიროდ მოქმედებს რადიკალური ოპოზიცია, რაც დასტურდება", - თქვა კობახიძემ.
2023 წლის 23-24 მარტს, საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ეწვევა.
ანალენა ბერბოკს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი უმასპინძლებს. გაიმართება შეხვედრა როგორც პირისპირ ფორმატში, ისე ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის, რის შემდეგაც გაკეთდება განცხადებები პრესისთვის.
ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას გამართავს საქართველოს პრემიერმინისტრი. ანალენა ბერბოკს მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
გერმანელი დიპლომატი ასევე ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ბერბოკი ასევე შეხვედრას გამართავს სამოქალაქო საზოგადოების წარმომდგენლებთან და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან.