საერთაშორისო მედიების ცნობით, ჩრდილოეთ კორეაში დააკავეს აშშ-ის მოქალაქე, რომელმაც სამხედრო სადემარკაციო ხაზი გადაკვეთა. გამოცემები ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერენ, რომ დაკავებული ამერიკელი სამხედროა, რომელიც კორეაში აშშ-ის ძალებში მსახურობდა.
კორეაში აშშ-ის ძალების სპიკერმა ისააკ ტეილორმა განაცხადა, რომ მან საზღვარი "განზრახ და ავტორიზაციის გარეშე" გადაკვეთა. მისი თქმით, ამ ინციდენტის მოსაგვარებლად კორეის სახალხო არმიის კოლეგებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
The Guardian სამხრეთ კორეულ მედიებზე დაყრდნობით წერს, რომ კაცი მიმდებარე ტერიტორიაზე ვიზიტორების ჯგუფთან, მათ შორის სამოქალაქო პირებთან ერთად იმყოფებოდა, როცა მან მოულოდნელად გადაკვეთა საზღვრის აღმნიშვნელი არეალი.
ოფიციალური უწყებები არ ადასტურებენ, არის თუ არა დაკავებული მოქალაქე ამერიკელი სამხედრო.