ჩორჩანას საგუშაგოს საქმეზე ივანე მაჭავარიანი გამოკითხვაზე დაიბარეს

ჩორჩანას საგუშაგოს საქმეზე ივანე მაჭავარიანი გამოკითხვაზე დაიბარეს

სოფელ ჩორჩანასთან საგუშაგოს ჩადგმასთან დაკავშირებულ საქმეზე, პროკურატურაში გამოკითხვაზე ყოფილი ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი დაიბარეს.

ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურაში ადასტურებენ.

მაჭავარიანი უწყებაში ხვალ, 13:00 საათზე მივა.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით უკვე გამოიკითხნენ: ყოფილი შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი მაია ცქიტიშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე, მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი კახა კახიშვილი, შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი.

***

2019 წლის აგვისტოში სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგო გაიხსნა, რის შემდეგაც, მოძრაობა ძალა ერთობაშია საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების გადმოსვლის შესახებ იუწყებოდა.

იმავე კვირების განმავლობაში ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ძალებმა მათ მიერვე დადგენილი საოკუპაციო ხაზი გადმოკვეთეს და სოფელ ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე ბორდერიზაციის სხვადასხვა ნიშნები განათავსეს.

ქართული ოცნება ამას იმ დროინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას ედავება და ბრალს სდებს, რომ მან თვითონებურად გახსნა ჩორჩანაში საგუშაგო, რამაც ვითარების დაძაბვა გამოიწვია.

ქართული ოცნება ამ საკითხს ერთპარტიული პარლამენტის დეპუტატის თეა წულუკიანის მიერ შექმნილი ე.წ. საგამოძიებო კომისიის ფორმატშიც სწავლობს.

პროკურატურის თანახმად, ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს შემდეგ ფაქტებზე:

  • დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობა
  • უცხოეთის ორგანიზაციისთვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებ
  • საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზება

პროკურატურა აცხადებს, რომ შესწავლის საგანს წარმოადგენს "2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ განხორციელებული ქმედება".