
სოფელ ჩორჩანასთან საგუშაგოს ჩადგმასთან დაკავშირებულ საქმეზე, პროკურატურაში გამოკითხვაზე რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი მაია ცქიტიშვილი დაიბარეს.
ცნობილია, რომ გამოკითხვაზე დაიბარეს ჩორჩანაში მცხოვრები ალექსანდრე ლომიძეც.
უწყებაში აცხადებენ, რომ ლომიძის დაკითხვა 17:00 საათზე, ხოლო ყოფილი მინისტრის გამოკითხვა 18:00 საათზე დაიწყება.
***
2019 წლის აგვისტოში სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგო გაიხსნა, რის შემდეგაც, მოძრაობა ძალა ერთობაშია საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების გადმოსვლის შესახებ იუწყებოდა.
იმავე კვირების განმავლობაში ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ძალებმა მათ მიერვე დადგენილი საოკუპაციო ხაზი გადმოკვეთეს და სოფელ ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე ბორდერიზაციის სხვადასხვა ნიშნები განათავსეს.
ქართული ოცნება ამას იმ დროინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას ედავება და ბრალს სდებს, რომ მან თვითონებურად გახსნა ჩორჩანაში საგუშაგო, რამაც ვითარების დაძაბვა გამოიწვია.
ქართული ოცნება ამ საკითხს ერთპარტიული პარლამენტის დეპუტატის თეა წულუკიანის მიერ შექმნილი ე.წ. საგამოძიებო კომისიის ფორმატშიც სწავლობს.
პროკურატურის თანახმად, ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს შემდეგ ფაქტებზე:
პროკურატურა აცხადებს, რომ შესწავლის საგანს წარმოადგენს "2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ განხორციელებული ქმედება".