ნაციონალური მოძრაობის წევრი დიმიტრი ჩიქოვანი 112-ში POSTV-ის ცრუ შეტყობინების გამო მის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას ეხმაურება.
ჩიქოვანი წერს, რომ "რუსული კანონის გაწვევის მიუხედავად, ის პრაქტიკაში უკვე ამუშავდა, რისი მაგალითიც მის სახლში ჩატარებული უკანონო "რეიდია".
"კანონპროექტმა თავისი ფუნქცია რეალურად შეასრულა, იმაზე მეტადაც კი, ვიდრე მიღების შემთხვევაში შეიძლებოდა ამ მიზნებისთვის მიეღწია", — ეს სიტყვები ქართული ოცნების პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს ეკუთვნის. მე მგონი ასეთი სიმართლე სხვა დროს არც უთქვამს. რუსული კანონის გაწვევის მიუხედავად, ის პრაქტიკაში უკვე ამუშავდა და ამის ნათელი მაგალითი, ჩემს სახლში გუშინ ღამით ჩატარებული უკანონო "რეიდია". მწარეა რეალობა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, კრიმინალური პოლიცია და საპატრულო უკლებლივ ყველა, ერთი სექსუალურად მოძალადე კაცის, პროპაგანდისტი შალვა რამიშვილის პროვოკაციის მოწყობის მცდელობებზე ცდება! დიდი მადლობა ყველას განსაკუთრებული ყურადღების და სოლიდარობის გამოჩენისათვის. რუსული ოცნება უნდა დამარცხდეს და სახელმწიფო ინსტიტუციები დაბრუნდნენ ხალხის სამსახურში!", - წერს ენმ-ის წევრი.
***
112-ში პროპაგანდისტული ტელევიზიის, POSTV-ის მიერ განხორციელებული ცრუ შეტყობინების გამო გუშინ, გვიან ღამით ნაციონალური მოძრაობის წევრის, დიმა ჩიქოვანის საცხოვრებელ სახლში პოლიცია მივიდა და საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა.
უწყებაში POSTV-ის პროპაგანდისტმა, ნათია ბერიძემ დარეკა და განაცხადა, რომ ჩიქოვანმა, სავარაუდოდ, თათია სამხარაძე გაიტაცა. პოლიციელებმა დანაშაული ვერ დაადგინეს - ენმ-ის გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რომ ეს იყო ცრუ დასმენა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, დიმა ჩიქოვანის მიმართ მოწყობილი შეგნებული პროვოკაცია.
თათია სამხარაძე ერთ-ერთია, ვინც POSTV-ის ხელმძღვანელი, შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში ამხილა. მან რამიშვილს ტელეკომპანია იმედში ყოფნის დროს, 2016 წელს უჩივლა. 2018 წლის 3 იანვარს შალვა რამიშვილს სექსუალური შევიწროების საქმეზე საქალაქო სასამართლომ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. რამიშვილმა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა მოსამართლემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ორი ინსტანციის გადაწყვეტილება რამიშვილს უზენაეს სასამართლოში აღარ გაუსაჩივრებია.
ბოლო დღეების განმავლობაში რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში კიდევ რამდენიმე ქალმა ამხილა. მათი ისტორიები მსგავსია. როგორც ქალები ამბობენ, ისინი გასაუბრების დროს შეავიწროვეს. სექსუალური შევიწროების ბრალდებებს უარყოფს შალვა რამიშვილი.