ჩიგოგიძე: არ მახსოვს, მოძალადე პოლიციელი ჰყოლოდა ქართულ ოცნებას - პირიქით

ჩიგოგიძე: არ მახსოვს, მოძალადე პოლიციელი ჰყოლოდა ქართულ ოცნებას - პირიქით

ქართული ოცნების ერთპარტიული, არალეგიტიმური პარლამენტის ე.წ. დეპუტატს ვასილ ჩიგოგიძეს "არ ახსოვს მომენტი, რომ ქართულ ოცნებას მოძალადე პოლიციელი ჰყოლოდა".

"მე არ მახსოვს მომენტი, რომ მოძალადე პოლიციელები ჰყოლოდა ქართლ ოცნებას, პირიქით. არა, ნუ, ახლა თუ შენ იძალადებ, რა ქნას პოლიციელმა, თავი ხომ უნდა დაიცვას?!", - თქვა მან.

ეს განცხადება მან პარლამენტში, ფორმულას ჟურნალისტთან გურამ როგავასთან საუბრის დროს გააკეთა, როდესაც როგავა მას მასზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ ეკითხებოდა.

გურამ როგავას კითხვაზე, აქვს თუ არა ნანახი კადრი, თუ როგორ ურტყამს მას აქციაზე სპეცრაზმელი, ჩიგოგიძემ თქვა: "არ მინახავს, შეიძლება, შემთხვევით, როცა არეული სიტუაციაა, დატაკებაა...".

ამ სიტყვების შემდეგ გურამ როგავამ ქართული ოცნების ე.წ. დეპუტატს მასზე თავდასხმის კადრები აჩვენა, ჩიგოგიძემ კი "მიზნობრივ პროვოკაციაზე" მიუთითა.

"აქ ჩანს, რომ მოდის ადამიანი და გირტყამს ხელს. რაღაც იყო მეთქი? - ვერ ვუშვებ ამას, არასწორია. შენი მალის გატეხა უნდოდა, ამიტომ გააკეთა? არ მაქვს პასუხი [რა მოხდა]. მიზნობრივად არის პროვოკაცია, მეთქი, მე ასე ჩავთვლიდი ამას", - ამბობს ის.