უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის ჯგუფის სპიკერის, სერგეი ჩერევატის განცხადებით, რუსეთი შორს არის დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის აღებისგან.
"რუსეთი შორს არის დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის აღებისგან. საკრებულოს ადმინისტრაციული შენობის ირგვლივ ბრძოლები მიმდინარეობს", - თქვა უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის ჯგუფის სპიკერმა.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის თქმით, ბახმუტში დაძაბული ვითარებაა და რუსები ცდილობენ არა მხოლოდ ვაგნერელები, არამედ მედესანტეების პროფესიული ნაწილები გამოიყენონ.
ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის ირგვლივ პოზიციები აღადგინეს. ამავდროულად, ამერიკელი ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რუსულმა ძალებმა ქალაქში მცირე წარმატებას მიაღწიეს.