
ურეკში მდებარე შშმ პირთა პანსიონატი „ბარბარე“ დახმარებას ითხოვს. ადმინისტრაციის ინფორმაციით, უკვე მეორე დღეა, რაც დაწესებულებას ელექტროენერგია არ მიეწოდება, რის გამოც 24 ბენეფიციარს ყინვის ატანმა უწევთ.
სოციალურ ქსელებში გავრცელებული ცნობებით, შენობის სახურავი თოვლის სიმძიმის გამო დეფორმირდა და მისი ჩალეწვის რეალური საფრთხე არსებობს.
პანსიონატის წარმომადგენლები ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდებენ, დროულად ჩაერიონ და მათ დახმარება გაუწიონ.
"მეორე დღეა ოცდაოთხი შშმ პირი იყინება. არ არის დენი და ვერაფრით ვათბობთ ჩვენს ბენეფიციარებს. ყოველ დარეკვაზე თქვენი ოპერატორები გვპასუხობენ, რომ მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. მეორე დღეა ასე გვატყუებენ და ამასობაში გაგვეყინა ოცდაოთხი შშმ პირი. მოწყვლადი ჯგუფია, ვერ გაუძლებენ ამდენი დღე სიცივეს. საშინელ დღეში არიან!!! გაყინულები არიან!!!
ლოკაცია: ოზურგეთის მუნიციპალიტეტი. დაბა ურეკი. სანაპიროს N 37
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია, სასწრაფოდ ვითხოვთ დახმარებას. სახლის სახურავების ჩალეწვის საშიშროებაა. ვერ გაუძლებს თოვლის ამ დონის დატვირთვას და დადგება გამოუსწორებელი შედეგი. ჩაგვეხოცება 24 შშმ პირი... უკვე მერამდენედ ვრეკავთ 112 ში და აგზავნიან საპატრულო პოლიციას. ხალხნო, საპატრულომ რა უნდა ქნას? სახურავი სახლის ერთ მხარეს უკვე დეფორმირებულია. მაშველები და ტრაქტორი გვჭირდება... დატრიალდება ტრაგედია. ოთახებში არიან ჩაკეტილი ბენეფიციარები, ვერ გამოდიან გარეთ...
უმორჩილესად გთხოვთ, ვისაც შეგიძლიათ, როგორც შეგიძლიათ, დაგვეხმარეთ... მოწყვლად ჯგუფთან გვაქვს საქმე, სასწრაფოდ გვჭირდება დახმარება....
ლოკაცია : ოზურგეთის მუნიციპალიტეტის. დაბა ურეკი. სანაპიროს N 37... დათო რობაქიძე [დაბა ურეკის გამგებელი], სურათებით ხედავთ ხომ რა ხდება?", - წერია ტავშესაფრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განახლება:
პანსიონატში აცხადებენ, რომ შესაბამისი სამსახურები უკვე ადგილზე არიან და მუშოაბენ.