ბჟანიას პრესსამსახური ამბობს, რომ ის მშობლიურ სოფელში იმყოფება

ბჟანიას პრესსამსახური ამბობს, რომ ის მშობლიურ სოფელში იმყოფება

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი ასლან ბჟანია თავის მშობლიურ სოფელში, ტამიშში იმყოფებოდა. ამის შესახებ ბჟანიას პრესსამსახურმა განაცხადა. "აფხაზურმა პორტალმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბჟანია "რუსული სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე გადავიდა".

სოფელი ტამიში ოჩამჩირეს რაიონში, სოხუმიდან 40 კილომეტრში მდებარეობს.

მანამდე ბჟანიამ მომხრეებს მიმართა და განაცხადა, რომ გადადგომას არ აპირებს. ამის შემდეგ ოპოზიცია გამოვიდა ულტიმატუმით, რომლითაც ერთ საათში მის გადადგომას მოითხოვდნენ.

ოპოზიციის ლიდერი, ადგურ არძინბა ამტკიცებს, რომ ბჟანია "სრულ სისულელეს და დეზინფორმაციას გადასცემს რუსეთის უშიშროების ძალებს, თითქოს მომიტინგეები რუსეთის სასაზღვრო პუნქტებზე თავდასხმას ამზადებენ".

სოხუმში მომიტინგეებმა, რომლებიც რუსულ-აფხაზურ "საინვესტიციო შეთანხმებას" აპროტესტებდნენ, ე.წ. სამთავრობო კომპლექსის შენობის გარეთ ჭიშკარი ჩამოიღეს, რის შემდეგაც დე ფაქტო პარლამენტისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ. აქციის მონაწილეები პოლიციელებს კვერცხებსა და ბოთლებს ესროდნენ. როგორც ინფორმაცია ვრცელდებოდა, შენობაში შესვლის დროს სამართალდამცავები წინააღმდეგობის გაწევას არ ცდილობდნენ.

პროტესტის ფონზე დე ფაქტო პარლამენტმა გააუქმა სესია, რომელზეც "საინვესტიციო შეთანხმების" რატიფიცირებისთვის უნდა ეყარათ კენჭი. აქციის გამწვავების შემდეგ კი ბჟანიამ განაცხადა, რომ შეთანხმებას უკან გაიწვევდა.