ბურჯანაძე: სახალხო დამცველს აქვს არჩევნების კონსტიტუციურობის კონტროლის უფლებამოსილება

ბურჯანაძე: სახალხო დამცველს აქვს არჩევნების კონსტიტუციურობის კონტროლის უფლებამოსილება

სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილის, გიორგი ბურჯანაძის თქმით, სახალხო დამცველს აქვს არჩევნების კონსტიტუციურობის კონტროლის უფლებამოსილება. ამის შესახებ იგი ფეისბუქზე წერს.

"ამის არცოდნა ალბათ არაკომპეტენტურობაა. ეს უფლებამოსილება ერთადერთია, რომელიც პირდაპირ წერია კონსტიტუციაში. დანარჩენი ორგანულ კანონშია. საქართველოს მეხუთე სახალხო დამცველმა კონკრეტულ არჩევნებზე სპეციალური ანგარიშიც მოამზადა სხვათა შორის. არჩევნებში მონაწილეობის უფლება და მისი რეალიზებაც სახალხო დამცველის მანდატის ქვეშაა", - წერს ბურჯანაძე.

სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა საპარლამენტო არჩევნებიდან მე-6 დღეს პალიტრანიუსის ეთერში განაცხადა, რომ მისი აზრით, "ძნელია, საღი აზრის მქონე ადამიანმა დაიჯეროს, რომ 350 ათასი ადამიანი "კარუსელებზე" ჩამოატარეს".

ომბუდსმენს ასევე არ სჯერა, რომ 100 ათასზე მეტ ადამიანს პირადობის მოწმობა ისე ჩამოართვეს, რომ 1 ადამიანი არ გამოჩნდა ვინც იტყოდა, რომ ეს მათი ნების საწინააღმდეგოდ მოხდა.

ამასთან, იოსელიანის განცხადებით, პროცედურული დარღვევები, "რა თქმა უნდა" იყო და ამის ყველაზე კარგი მაგალითი ეუთო/ოდირის დასკვნაა, თუმცა ამბობს, რომ არჩევნების ლეგიტიმაციაზე ვერ ისაუბრებს, რადგან ამ პროცესში მონაწილეობა არ მიუღია.