ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, რუსეთი დონეცკის ოლქის ქალაქ მარინკას მახლობლად შეტევებს აძლიერებს.
"რუსეთის ფედერაცია აგრძელებს მნიშვნელოვანი რესურსების გამოყენებას დონეცკის მიმართულებით, კერძოდ, დონეცკის ოლქის ქალაქ მარინკასა და ავდეევკას მახლობლად, მინიმალური შედეგებით", - აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვა.
დაზვერვის თქმით, ბოლო 7 დღის განმავლობაში რუსეთმა, სავარაუდოდ, გაზარდა ჯავშანტექნიკის რაოდენობა დონეცკის ოლქის ქალაქ მარინკას მახლობლად, რომელიც დონეცკის სამხრეთ-დასავლეთით 20 კილომეტრში მდებარეობს.
"რუსეთი აგრძელებს დონეცკის ფართო სექტორში ოპერაციების რესურსების პრიორიტეტიზაციას, მარინკასა და ავდეევკას ტერიტორიების ჩათვლით, ხარჯავს მნიშვნელოვან რესურსებს მინიმალური შედეგების მისაღწევად", - ნათქვამია განცხადებაში.
მარტის ბოლოს, ბრიტანეთის დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსული ჯარები მნიშვნელოვან ზარალს განიცდიდნენ ჯავშანტექნიკაში ავდეევკას ალყაში მოქცევის მცდელობისას და იქ მნიშვნელოვან პროგრესს არ აღწევდნენ.