იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის თქმით, სამინისტროში დიპლომატებთან საგანგებო შეხვედრა შეეხებოდა მიხეილ სააკაშვილს, სადაც მათ შორის სტრასბურგის გადაწყვეტილებაზეც ისაუბრეს.
"შეხვედრა შეეხებოდა, აქ არაფერია დასამალი, მსჯავრდებულ სააკაშვილთან დაკავშირებულ სიტუაციას. ბუნებრივია ვისაუბრეთ მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზეც და მიმოვიხილეთ სხვადასხვა საკითხებიც, რომელზეც გასაგები მიზეზების გამო მოვერიდები საჯაროდ საუბარს.“ - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
ბრეგაძის თქმით, სააკაშვილის ვარშავაში გადაყვანასთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა.
მისი თქმით, დიპლომატებს ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კითხვები არ ჰქონიათ.
"კონკრეტულ მოთხოვნაზე, რომ მსჯავრდებული სააკაშვილი სამკურნალოდ დაუყოვნებლივ ყოფილიყო გადაყვანილი ვარშავაში, ამაზე იყო პასუხი, ეს არის საბოლოო გადაწყვეტილება ამ საკითხზე. დანარჩენ სარჩელს რაც შეეხება, როდესაც დაცვის მხარე წარადგენს სარჩელს, როდესაც სასამართლო გამოგვიგზავნის ჩვენ, უკვე პოზიციების მისაწოდებლად, მერე ვისაუბრებთ უკვე ამ საკითხზე და რაც შეეხება გადაწყვეტილებას, პოლონეთში მსჯავრდებული სააკაშვილის გადაყვანაზე, ეს გადაწყვეტილება ნამდვილად არის საბოლოო" - განაცხადა რატი ბრეგაძემ.
ბრეგაძემ სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნების შესაძლებლობაზე თქვა, რომ სააკაშვილი ახლა მკურნალობის კურსს გადის და ციხეში გადაყვანაზე გადაწყვეტილებას მხოლოდ მას შემდეგ მიიღებენ, რაც იქნება ვივამედის ექიმების დასკვნა, რომ პაციენტი "სრულად განკურნებულია".
"ჩვენ ვხელმძღვანელობთ ადამიანის უფლებების მხოლოდ და მხოლოდ უმაღლესი სტანდარტებით. თუკი ადამიანს ესაჭიროება სამედიცინო დახმარება, ის ამ დახმარებას იღებს კერძო კლინიკაში, ვივა მედში და როდესაც იქნება ექიმების შესაბამისი დასკვნა, რომ შესაძლებელია უკვე ამ ადამიანის გადაყვანა და ის არის სრულიად განკურნებული, ბუნებრივია მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება." - განაცხადა რატი ბრეგაძემ.
იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძემ 12 მაისს განაცხადა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილს საქმეში "სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე და ამავე დროს, სახელმწიფოს არ დაევალა მისი ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა.
ამავე დროს, ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატი შოთა თუთბერიძე განმარტავს, რომ სასამართლოს სააკაშვილის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია. დღევანდელი პასუხი "ე.წ. დროებით ღონისძიებას ეხება" მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის თაობაზე.
"ანუ დაცვის მხარემ ბუნებრივია, პროცესის დაწყებისთანავე სცადა და გამოიყენა ყველა, თუნდაც ის ძალიან მცირე და თეორიული ბერკეტები, რომლის საშუალებასაც იძლეოდა ადამიანის უფლებების ევროპული კონვენცია და სასამართლოს მუშაობის წესები. ე.წ. დროებითი ღონისძიება სწორედ, ერთ-ერთი ამგვარი მექანიზმი იყო და ამ პროცედურულ საკითხი ევროსასამართლომ არ დაავალა საქართველოს მთავრობას სააკაშვილის დაუყოვნებლივი გადაყვანა ვარშავაში, როგორც მინიმუმ მანამ სანამ საჩივრის განხილვა არ დასრულდება", - განმარტა თუთბერიძემ.