ბრეგაძე: EU-ის სტატუსი შეგვიძლია, იმერულ ეზოს შევადაროთ, სადაც სახლი ჭიშკრიდან მოშორებითაა

კანდიდატის სტატუსი არის დაახლოებით იგივე, რომ დავაკაკუნოთ კარზე და მოგვესმას მასპინძლის ხმა – "მობრძანდით" ანუ, ვიცოდეთ, რომ მას აქვს გაცხადებული ნება, შევიდეთ ამ მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში. ჩვენ ამ ეტაპზე, ხატოვნად რომ წარმოვიდგინოთ, ვართ კართან, რომელზეც დავაკაკუნეთ და გვაქვს შესვლის სურვილი. ეს ყველაფერი შეიძლება, იმავე იმერულ ეზოსაც შევადაროთ, სადაც ჭიშკრიდან სახლი საკმაოდ მოშორებითაა; როდესაც მასპინძელს დავუძახებთ, მანაც უნდა გამოგვძახოს და დაადასტუროს მზაობა, რომ სახლში მიგვიღოს, მაგრამ გასავლელი გზა საკმაოდ გრძელია. ჩვენ დავაკაკუნეთ ამ ჭიშკარზე და დარწმუნებული ვარ, ეს კარი აუცილებლად გაიღება, თუმცა ვიდრე სახლში მივალთ, ეზოც გასავლელია და თუ რამე შეცდომას დავუშვებთ, მასპინძელს სრული უფლება აქვს, სახლის კარი არ გაგვიღოს.

განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პირველი არხის ეთერში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე საუბრისას.