ბორელის განცხადებით, სუდანში ევროკავშირის ელჩს თავს დაესხნენ

ბორელის განცხადებით, სუდანში ევროკავშირის ელჩს თავს დაესხნენ

რამდენიმე საათის წინ ევროკავშირის ელჩს სუდანში, საკუთარ რეზიდენციაში თავს დაესხნენ. ინფორმაციას უსაფრთხოებისა და საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ავრცელებს.

"რამდენიმე საათის წინ ევროკავშირის ელჩს სუდანში, საკუთარ რეზიდენციაში თავს დაესხნენ. ეს არის ვენის კონვენციის უხეში დარღვევა. დიპლომატიური შენობებისა და პერსონალის უსაფრთხოება სუდანის ხელისუფლების უპირველესი პასუხისმგებლობა და საერთაშორისო სამართლის ვალდებულებაა"- აცხადებს ბორელი.

სუდანში ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება "სწრაფი მხარდაჭერის ძალების" მებრძოლებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 100-ზე მეტი ადამიანი, დაშავებულია 1 000-ზე მეტი.

შეტაკებები მას შემდეგ დაიწყო, რაც ორმა მხარემ ქვეყნის სამოქალაქო მმართველობაზე გადასვლასთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთში საქართველოს საელჩო კონტაქტზეა როგორც სუდანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან, ასევე მათი ოჯახის წევრებთან.