ბორელი: კანდიდატის სტატუსი რეფორმებით უნდა დაიმსახურონ - ამ კუთხით ბევრი რამაა გასაკეთებელი

ბორელი: კანდიდატის სტატუსი რეფორმებით უნდა დაიმსახურონ - ამ კუთხით ბევრი რამაა გასაკეთებელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საკითხებში ჯოზეფ ბორელის განცხადებით, კანდიდატის სტატუსი უნდა დაიმსახურონ სერიოზული რეფორმებითა და ევროკავშირის ღირებულებების პატივისცემით, თუმცა საქართველოს ამ მიმართულებით კიდევ ბევრი სამუშაო აქვს. ეს განცხადება ბორელმა თბილისში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში გააკეთა.

როგორც ბორელმა აღნიშნა, ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღიაა, თუმცა ქვეყანამ დადგენილი 12 პრიორიტეტი უნდა შეასრულოს.

მისივე თქმით, პუნქტების შესრულება საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების ხარისხს გააუმჯობესებს.

"საქართველო მნიშვნელოვანი ნაწილია ევროკავშირისთვის და ეს არის გადამწყვეტი პერიოდი თქვენი მომავლისთვის, რადგან რამდენიმე კვირაში ჩვენ განვიხილავთ შემდეგ ნაბიჯებს საქართველოს ევროკავშირში გაერთიანების შესახებ, ასევე პირველად წარადგენენ მოხსენებას საქართველოს პროგრესის თაობაზე - როგორც კანდიდატი ქვეყნის შესახებ.

მინდა ვიყო ძალიან მკაფიო, ამ მნიშვნელოვან დროს ევროკავშირის კარი ღიაა საქართველოსთვის და ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ევროგაერთიანებისკენ მიმავალ გზაზე. კარი ღიაა და ამ გზაზე გვინდა რომ მხარი დაგიჭიროთ, მაგრამ, ამავდროულად უნდა ითქვას, რომ ევროკავშირის წევრობის აპლიკაცია სერიოზული ვალდებულებაა. კანდიდატის სტატუსი არ არის რაღაცა, რაც ქვეყნებს ეკუთვნით, ის უნდა დაიმსახურონ, დაიმსახურონ სერიოზული რეფორმებითა და ევროკავშირის ღირებულებების პატივისცემით. გულწრფელი რომ ვიყო, ამ მიმართულებით კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი...

საქართველოს შემთხვევაში არსებობს 12 პრიორიტეტი, რომელიც უნდა შესრულდეს. ამ პრიორიტეტების შესრულება არ არის საჭირო იმისთვის, რომ ბრიუსელი გააბედნიეროთ ან ევროკავშირის წევრი ქვეყნები დააკმაყოფილოთ, [პრიორიტეტები უნდა შესრულდეს] იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრება გაუმჯობესდეს...", - თქვა ბორელმა.

***

დღეს საქართველოში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა. მისი ვიზიტი 7-8 სექტემბერს გაგრძელდება.