ბოკუჩავა: უცნაურია, როცა ადამიანი პარტიაში რჩება, რომელსაც ასე მწვავედ ესხმის თავს

ბოკუჩავა: უცნაურია, როცა ადამიანი პარტიაში რჩება, რომელსაც ასე მწვავედ ესხმის თავს

პარლამენტის დეპუტატი თინა ბოკუჩავა ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარის განცხადებას "უსაფუძვლო" თავდასხმას უწოდებს.

"ძალიან უცნაურია როცა ადამიანი რჩება პარტიაში, რომელსაც ასე მწვავედ და უსაფუძვლოდ, გამუდმებით ესხმის თავს. არის კრიტიკა, მათ შორის კონსტრუქციული კრიტიკა და დამერწმუნეთ, რომ თუ ვინმეს აქვს შიდაპარტიული კრიტიკის გამოცდილება, ეს ვარ მე. ამ ეტაპზე ეს არის ყოვლად გაუმართლებელი და ნამდვილად სამწუხაროა, რომ ასეთ გზავნილებს იგებთ, როცა ქვეყანა არის გადასარჩენი, როცა პრეზიდენტი სააკაშვილი არის გადასარჩენი, როდესაც საქართველო ისტორიული შესაძლებლობის წინაშე დგას ევროკავშირში გაწევრიანების თვალსაზრისით", - განაცხადა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან.

მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ფორმულასთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ძველი სახეები წინ წამოვიდნენ და მნიშვნელოვანია პარტიიდან გასული სახეების რეინტეგრაცია.

სააკაშვილის განცხადების შეფასებისას ნიკა მელიამ თქვა, რომ პარტიის ამჟამინდელ ხელმძღვანელობას პარტიის "ნგრევის გარდა" არაფერი გაუკეთებია.

"მან ისაუბრა პარტიის შიგნით დემოკრატიული პროცესის მნიშვნელობაზე, რაც მნიშვნელოვანია, მაგრამ მე უფრო ხისტ განცხადებებს ვაკეთებ და მაქვს ამის საფუძველი. დღემდე პარტიის ხლეჩის, ნგრევის, პარტიიდან წევრების გარიცხვის გარდა, ამ მენეჯმენტს არაფერი უკეთებია. სამწუხაროდ, ეს მოცემულობაა. ერთობაზე უბრალოდ საუბარი სადღეგრძელოს სახით არ არის საკმარისი, როდესაც არის კედელი ჩამონგრეული", - თქვა მელიამ.