ბოკუჩავა: 26 ოქტომბერი არის შანსი, ერთიანობით ავირჩიოთ ევროპული პერსპექტივა, გაწევრიანება

გასულ კვირას საზოგადოებას წარვუდგინეთ 5 საპროგრამო პრიორიტეტი. ჩვენი პირველი პრიორიტეტია - კი ევროპას, ჩვენი პირველი პრიორიტეტია ევროკავშირში გაწევრიანება, ძლიერი, განვითარებული, ერთიანი საქართველოსთვის, სადაც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აქვს ევროპული კეთილდღეობა და ევროპული პასპორტი.

ივანიშვილის 12-წლიანმა მმართველობამ ჩამოგვაშორა ევროპულ გზას და საქართველოს გზა ჩაუკეტა ევროკავშირისკენ. ახლა გვაქვს შანსი, რომ დავიბრუნოთ ევროპული პერსპექტივა. გპირდებით, რომ ხელისუფლების ცვლილებისთანავე, ჩვენ გავხსნით მოლაპარაკებებს ევროკავშირთან გაწევრიანებაზე, რათა უმოკლეს ვადებში საქართველო გახდეს ევროკავშირის ამაყი წევრი და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს ევროპული კეთილდღეობა და ევროპული პასპორტი ეჭიროს ხელში.

ევროპული პასპორტი ნიშნავს ევროპულ პენსიებს, ხელფასებს, განათლებას, ნიშნავს დაცულობას და კეთილდღეობას. ჩვენ 26 ოქტომბერს უნდა დავუსვათ საკუთარ თავებს შეკითხვა - როგორ საქართველოში გვინდა ვიცხოვროთ?! საქართველოში, სადაც ივანიშვილის კლანები მდიდრდებიან, თუ საქართველოში, სადაც თითოეულ მოქალაქეს აქვს ევროპული კეთილდღეობა. საქართველოში, რომელიც საერთაშორისო იზოლაციაშია, თუ საქართველოში, რომელიც ევროპული დიდი ოჯახის, ამაყი წევრია.

დღესდღეობით 500 000 საქართველოს მოქალაქე ფაქტობრივად უმუშევარია, 1 000 ლარამდე ხელფასით ადამიანებს უწევთ ბრძოლა გადარჩენისთვის. სტუდენტები, როდესაც ასრულებენ სწავლას, ყოველი მეორე ვერ შოულობს სამსახურს. დღესდღეობით, პენსიონერთა უმრავლესობას აქვს კაბალური საპენსიო სესხები, მაგრამ 26 ოქტომბერი არის შანსი, რომ დავასრულოთ ეს უსამართლობა, უარი ვუთხრათ კორუფციას, საერთაშორისო იზოლაციას, სიღატაკეს. 26 ოქტომბერი არის შანსი, ერთიანობით ავირჩიოთ ევროპული პერსპექტივა, ევროპაში გაწევრიანება, იმისათვის, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს ევროპული კეთილდღეობა და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ამაყად ხელში ეჭიროს ევროკავშირის პასპორტი.

თქვა ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა თინა ბოკუჩავამ.