მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსეთში პირდაპირი ფრენების დაწყების გამო Georgian Airways-ის ბოიკოტი გამოუცხადა, ავიაკომპანიის დირექტორი თამაზ გაიაშვილი ამბობს, რომ სანამ ზურაბიშვილი "ქართველი ხალხის წინაშე ბოდიშს არ მოიხდის", ავიაკომპანიის ბორტზე არ დაუშვებენ. მის კომენტარს იმედი ავრცელებს.
"გასული საუკუნის 80-იანი წლების მიწურულის საქართველო მახსენდება, როდესაც სამტრედიაში სარკინიგზო მაგისტრალი გადაკეტეს, საბჭოთა ეკონომიკა უნდა დავანგრიოთო. ქალბატონი სალომე ახლა, როგორც ჩანს, იმავე აზროვნების ინერციით მოქმედებს და ჰგონია, რომ ქართული ავიაკომპანიის გაჩერებით რუსეთის ეკონომიკას დაანგრევს. ან რა ტიპის დემოკრატიაა ის, რომ უმრავლესობამ აგრესიული უმცირესობის ჭკუაზე იაროს. დემოკრატია საკითხების უმრავლესობით გადაწყვეტას ნიშნავს, უმცირესობის ჭკუაზე სიარულს კი დიქტატურა ჰქვია.
ბედის ირონიაა, როდესაც ქალბატონ ზურაბიშვილსაც პრეზიდენტი ჰქვია და ერდოღანსაც, რომელმაც თურქიშ ეარვეისი მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ავიაკომპანიად ჩამოაყალიბა, სტამბოლში კი რეგიონის უდიდესი აეროპორტი ააშენა. ბევრს აღარ გავაგრძელებ. ქალბატონმა სალომემ ეროვნულ ავიაკომპანიას ბოიკოტი გამოუცხადა, ჩვენ მას პერსონა ნონ გრატად ვაცხადებთ და, ვიდრე ქართველი ხალხის წინაშე ბოდიშს არ მოიხდის, ჩვენს ბორტზე არ დავუშვებთ", - ამბობს ის.
გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ავიაკომპანია Georgian Airways (აირზენას) ბოიკოტი გამოუცხადა - მან თქვა, რომ აირზენა "ფულისთვის ყველაფერზე მზად არის" და "უნდა, ისარგებლოს ამ რეალობით", რომელიც მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილისთვის მიუღებელია.
Georgian Airways-მა მოსკოვის მიმართულებით რეგულარული ფრენების განხორციელების ნებართვა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მხრიდან 16 მაისს მიიღო და პირველი რეისი გუშინ, 20 მაისს შეასრულა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან ამოქმედდა. პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვებიც მოუხსნა.
ქართული ოცნება მანიპულირებს, თითქოს რუსეთისგან სავიზო რეჟიმის გაუქმება და ფრენების აღდგენა ისევ ქართველებისთვის არის დადებითი გადაწყვეტილება, რადგან ეს რუსეთში მყოფებს ცხოვრებას გაუადვილებს.
19 მაისს პირველი რუსული თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. პირველი რუსული რეისის ჩამოფრენის პარალელურად საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელზეც აქტივისტები დააკავეს. პოლიციამ, სულ მცირე, 6 ადამიანი დააკავა.
რაც შეეხება თავად რუსულ კომპანიებს, ფრენის უფლება მიიღო კომპანია ავიაკომპანია Азимут-მა, რომელმაც 19 მაისს პირველი რეისი შეასრულა და კომპანია Red Wings-მა. ორივე კომპანია არის სანქცირებული უკრაინის მიერ. Red Wings, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების შავ სიაშიც არის.