აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რუსული სახელმწიფო პროპაგანდისტული მედიაორგანიზაცია RT დაადანაშაულა იმაში, რომ ისინი არამხოლოდ პროპაგანდასა და დეზინფორმაციას ავრცელებენ, ასევე აქვს ფარული შესაძლებლობები სხვა ქვეყნის შიდაპოლიტიკურ საქმეებში ჩაერიოს. ბლინკენმა მოუწოდა სხვა ქვეყნებს მოექცეს RT-ს, როგორც რუსეთის სადაზვერვო აპარატის ნაწილს.
სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე ბლინკენმა პირადად წაიკითხა ვრცელი განცხადება რუსეთის პროპაგანდისტული ძალისხმევის შესახებ.
"ახალი ინფორმაციის წყალობით, რომლის დიდი ნაწილი RT-ის თანამშრომლებისგან მოდის, ვიცით, რომ RT-ის აქვს კიბერშესაძლებლობები და მონაწილეობს ფარულ საინფორმაციო ოპერაციებში, გავლენის ოპერაციებში, ასევე სამხედრო შესყიდვებში. რუსეთის სახელმწიფომ RT-ში ჩანერგა დანაყოფი კიბეროპერაციების შესაძლებლობებით და კავშირებით რუსულ დაზვერვასთან", - განაცხადა ბლინკენმა.
ბლინკენის თქმით, RT ერევა პოლიტიკურ პროცესებში არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ სხვა ქვეყნებში.
სახელმწიფო მდივნის განცხადებით, სანქციები დაედებათ კიდევ ორ ადამიანსა და სამ ორგანიზაციას, რომლებიც დესტაბილიზაციაში მონაწილეობენ. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ აშშ, დიდი ბრიტანეთი და კანადა იწყებენ გლობალურ დიპლომატიურ კამპანიას, რომლის მიზანიცაა დაარწმუნონ სხვა ქვეყნები, RT-ს მოექცნენ არა მხოლოდ როგორც პროპაგანდისტულ ორგანოს, არამედ როგორც რუსული დაზვერვის ინსტრუმენტს.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა RT-ის მთავარი რედაქტორი, მარგარიტა სიმონიანი დაასანქცირა. გარდა ამისა, ბრალი წაუყენეს RT-ის ორ თანამშრომელს, რომლებმაც პრორუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის შემცველი ვიდეოების გავრცელებაში 10 მილიონი დოლარი დახარჯეს.