აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, დაჯგუფება ჰამასმა კოორდინირებული და კომპლექსური შეტევისთვის დახმარება ირანისგან მიიღო, თუმცა მისი უშუალო ჩართულობის მტკიცებულებები არ აქვთ.
"ეს არის ყველაზე საშინელი თავდასხმა ისრაელზე 1973 წლის, იომ-ქიფურის ომის შემდეგ, რომელიც თითქმის 50 წლის წინ მოხდა, მაგრამ არსებობს ფუნდამენტური განსხვავება. ეს იყო ომი, რომელშიც ჩართული იყო სახელმწიფო სახელმწიფოს წინააღმდეგ, ჯარი ჯარის წინააღმდეგ, ეს კი არის მასიური ტერორისტული თავდასხმა. როგორც ვნახეთ, ფაქტობრივად, მიათრევენ ხალხს ღაზის საზღვარზე, მათ შორის ქალებსა და ბავშვებს.
ფაქტობრივად, ჰამასი არ იქნება ჰამასი იმ მხარდაჭერის გარეშე, რომელსაც მრავალი წლის განმავლობაში იღებს ირანისგან. ჩვენ ჯერ არ გვინახავს პირდაპირი მტკიცებულება იმის, რომ ირანი იდგა ამ კონკრეტული თავდასხმის უკან ან მონაწილეობდა მასში, მაგრამ მრავალი წლის განმავლობაში მათი მხარდაჭერა აშკარაა", - ამბობს ბლინკენი.
ირანი ისრაელზე თავდასხმის დაგეგმვაში მონაწილეობას უარყოფს, თუმცა ირანის პრეზიდენტმა, იბრაჰიმ რაისიმ პალესტინელ ტერორისტებს მიულოცა და თავდასხმას გამარჯვება უწოდა.
7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.
გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.
ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.
ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.
ჰამასის თავდასხმის შედეგად ისრაელში დაღუპულთა რიცხვმა 700-ს გადააჭარბა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, დაშავებულთა რიცხვი ამ დროისთვის 2 200-ს აღემატება.