აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებს არ სურს ირანთან კონფლიქტი, თუმცა ამავდროულად ის ამბობს, რომ ვაშინგტონი სწრაფად და გადამწყვეტად იმოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ ირანი ან მისი მარიონეტები აშშ-ის წარმომადგენლებს თავს დაესხმებიან.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ეს განცხადება 24 ოქტომბერს, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გააკეთა. მან მოუწოდა ყველა ქვეყანას, სიგნალი გაუგზავნონ ყველა სახელმწიფოსა და არასახელმწიფო სუბიექტს, რომლებიც განიხილავენ კიდევ ერთი ფრონტის გახსნის შესაძლებლობას, არ დაასხან "ცეცხლს ნავთი".
"აშშ-ს არ სურს ირანთან კონფლიქტი. ჩვენ არ გვინდა, რომ ეს ომი გაფართოვდეს, მაგრამ თუ ირანი ან მისი მარიონეტები სადმე თავს დაესხმებიან აშშ-ის წარმომადგენლებს, არ შეცდეთ, ჩვენ დავიცავთ ჩვენს ხალხს, დავიცავთ ჩვენს უსაფრთხოებას სწრაფად და გადამწყვეტად.
მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, გაუგზავნონ მტკიცე, ერთიანი გზავნილი ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელიც განიხილავს ამ კონფლიქტში კიდევ ერთი ფრონტის გახსნას ისრაელის წინააღმდეგ ან ვინც შესაძლოა, დაუმიზნოს ისრაელის პარტნიორებს, მათ შორის აშშ-ს, ნუ გააკეთებთ, ცეცხლს ნავთი არ დაასხათ“, - თქვა ბლინკენმა.
ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შემდეგ აშშ-ის ძალებზე თავდასხმები გახშირდა. ბოლო ორი კვირის განმავლობაში აშშ-ის პრეზიდენტმა ახლო აღმოსავლეთში სამხედრო-საზღვაო ძალები, მათ შორის ორი ავიამზიდი, სხვა სამხედრო გემები და 2 000-მდე საზღვაო ქვეითი გაგზავნა.
თეთრი სახლის განცხადებით, ირანი ზოგიერთ შემთხვევაში მის მიერ მხარდაჭერილი მარიონეტული ჯგუფების მიერ ერაყსა და სირიაში აშშ-ის სამხედრო ბაზებზე თავდასხმებს "აქტიურად უწყობდა ხელს".
7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.
გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.
ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.
ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.