ბლინკენი პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს შეხვდა

ბლინკენი პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს შეხვდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს შეხვდა. ბლინკენმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ აშშ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების საკითხს მყარად უჭერს მხარს, მან აქვე აღნიშნა, რომ პალესტინელების "იძულებით" გადაადგილება დაუშვებელია.

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, მხარეებმა შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში სტაბილურობის აღდგენის ძალისხმევის მნიშვნელობა, მათ შორის საკითხი, რომ პალესტინელების წინააღმდეგ "ექსტრემისტული ძალადობა" უნდა შეჩერდეს და შესაბამისი პირების პასუხისმგებლობა დადგეს.

როგორც ცნობილია, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი თურქეთში ვიზიტს გეგმავს. ბლინკენი მანამდე იმყოფებოდა იორდანიაშიც, სადაც ისრაელში მიმდინარე ომთან დაკავშირებით შეხვედრები გამართა - ის შეხვდა ახლო აღმოსავლეთის ლიდერებს, რომლებმაც ცეცხლის შეწყვეტა მოითხოვეს.

ბლინკენის ვიზიტის შესახებ ცნობების პარალელურად, აღსანიშნავია, რომ თურქეთში პალესტინის მხარდამჭერი აქციები იმართება - მათ შორის ერთ-ერთში ქვეყნის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი მონაწილეობდა. თურქეთში გამართულ აქციაზე ერდოღანი სიტყვითაც გამოვიდა და ისრაელს ოკუპანტი უწოდა. ამის შემდეგ, ისრაელმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ თურქეთიდან დიპლომატები გაეწვია.

მანამდე, ერდოღანმა ჰამასს არა ტერორისტული ორგანიზაცია, არამედ "განმათავისუფლებელი ჯგუფი" უწოდა, ხოლო ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ გააკრიტიკა და თქვა, რომ თურქეთმა მას "ხაზი გადაუსვა". ერდოღანმა განაცხადა, რომ ნეთანიაჰუ "აღარ არის ადამიანი, ვისთანაც საუბარი შესაძლებელია".