ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, ჯერ კიდევ ძალიან ადრეა უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის წარმატებაზე საუბარი, თუმცა, როცა უკრაინა შეიარაღებულ ძალებს სრულად განათავსებს, ეს ფრონტზე ცვლილებებს მოიტანს. ეს განცხადება ბლინკენმა Aspen Security Forum-ზე გააკეთა.
"თავიდანვე ვამბობდით, რომ რთული იქნება. თქვენ ალბათ გაგიგიათ და ბევრი ამაზე საუბრობდა კიდევაც, რომ რუსებმა თავდაცვის ხაზი სერიოზულად გაამაგრეს. უკრაინელები მას არღვევენ", - თქვა ბლინკენმა.
მისივე აზრით, უკრაინელებს, რომლებმაც ტერიტორიის ნახევარი უკვე გაათავისუფლეს, "უკვე აქვთ ყველაფერი წარმატებისთვის", რადგან "ისინი იბრძვიან საკუთარი მიწისთვის, საკუთარი ქვეყნისთვის, მომავლისთვის და თავისუფლებისთვის".
"როცა სრულად განლაგდებიან და დაიწყებენ მოქმედებას, ყველა ძალა, რომელიც გაწვრთნილი იყო ბოლო თვეებში, აღჭურვილობა, რომელიც ჩვენ და 50-მდე ქვეყანამ მივაწოდეთ, ვფიქრობ, ეს ყველაფერი მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს და გამოიწვევს ცვლილებებს", - აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.