ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სანქციების ახალ სიასთან დაკავშირებით, რომელშიც საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძეც მოხვდა, განცხადებას ავრცელებს და ფარცხალაძეს ქართველ-რუს ოლიგარქად მოიხსენიებს.
ბლინკენი აღნიშნავს, რომ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა გამოიყენა, რათა რუსეთის სასარგებლოდ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე ზემოქმედება მოეხდინა.
"შეერთებული შტატების მთავრობა მიზანში იღებს პირებსა და სუბიექტებს, რომლებიც ჩართულნი არიან სანქციების თავის არიდებასა და გვერდის ავლაში. მათ, ვინც ხელს უწყობს რუსეთს, რათა ჰქონდეს უნარი, აწარმოოს ომი უკრაინის წინააღმდეგ და მათ, ვინც პასუხისმგებელნი არიან რუსეთის მომავალი ენერგეტიკული წარმოების გაძლიერებაზე.
სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე ასანქცირებს რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ერთ ოფიცერს და ერთ ქართველ-რუს ოლიგარქს, რომელიც რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ ზემოქმედებისთვის გამოიყენა", - წერია ენტონი ბლინკენის განცხადებაში.
***
აშშ-მა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ რუსეთს უსაფრთხოების ფედერალური სამსახური იყენებდა ფარცხალაძეს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად რუსეთის სასარგებლოდ.
ოთარ ფარცხალაძე საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობას 2013 წლის 7 ნოემბრიდან 30 დეკემბრამდე იკავებდა.
ფარცხალაძისთვის სანქციები დაწესებულია უკრაინაში ომის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფარგლებში. სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში ფარცხალაძე "ქართველ-რუს ოლიგარქად" არის მოხსენიებული და წერია, რომ რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში საქმიანობს.
სანქციების ქვეშ მოყვა ალექსანდრ ონიშენკო, რომელიც რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის (FSB) ოფიცერია, რომელიც, სავარაუდოდ, ფარცხალაძეს რუსული პასპორტისა და მოქალაქეობის მიღებაში დაეხმარა.